შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: იმისი თავისუფლებაც კი არა აქვთ, რომ თავად ჩამოაყალიბონ სათქმელი. აცდენილი არიან ქართველი ხალხის ნებას, მოქმედებენ გარე დაკვეთით და სანამ ასე იქნებიან, ხალხისგან ყოველთვის მიიღებენ საკადრის პასუხს

შალვა პაპუაშვილი

ეს ტექნიკური მთავრობა თუ სხვადასხვა სახის მთავრობა და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება, რომ უნდოდათ, ამ ყველაფრის ქართველ ხალხი უკვე მე მგონი ირონიით უყურებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს გარე დაკვეთებით, რის გამოც ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი არჩევნებზე მათ საკადრის პასუხს გასცემს.

„მათი მთავარი შეცდომა არის ის, რომ არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ნებას და ამ ყველაფერს აკეთებენ უცხოელებისთვის და მათი დამკვეთებისთვის. ასე რომ ეს ტექნიკური მთავრობა თუ სხვადასხვა სახის მთავრობა და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება, რომ უნდოდათ, ამ ყველაფრის ქართველ ხალხი უკვე მე მგონი ირონიით უყურებს. ვხედავთ, რომ არსებობს რაღაც ჯგუფი, რომლის ნაწილი არის პირდაპირი აგენტურა და დავალებების შემსრულებელი. ვნახეთ ფურცლებს უგზავნიან, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ რა წაიკითხონ - ესეც კი აკადრეს მათ შორის, პარლამენტის წინ ტერიტორიას, სადაც ზოგადად პროტესტის ტრადიციული ადგილია, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილი უსტარი წაუკითხეს ქართველ ხალხს. იმისი თავისუფლებაც კი არა აქვთ, რომ თავად ჩამოაყალიბონ სათქმელი. აცდენილი არიან ქართველი ხალხის ნებას, მოქმედებენ გარე დაკვეთით და სანამ ასე იქნებიან, თქმა უნდა წითელ ხალიჩას დაუგებენ უცხოელები და ქართველი ხალხისგან ყოველთვის მიიღებენ საკადრის პასუხს ყველა არჩევნებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.