ბექა ოდიშარია: პარლამენტმა და მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, გაუქმდეს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, მჯერა, ეს პირველი აუცილებელი ნაბიჯია სანუკვარი ოცნების ახდენისკენ

ბექა ოდიშარია

პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, გააუქმოს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. მჯერა, ეს მნიშვნელოვანი, აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ, – ამის შესახებ საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

ბექა ოდიშარია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.

„ისტორიული გადაწყვეტილება. ის სამართლიანი მოცემულობა, რაც საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობიდან მოსულმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა, სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ თავდაყირა დააყენა და კვლავ გააჩინა ისტორიასთან არანაირი კავშირის მქონე, წმინდა ბოლშევიკური სახელდება – „სამხრეთ ოსეთი“. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, კვლავ დაუმკვიდროს აწ უკვე მყარი საფუძველი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ისტორიულ გადაწყვეტილებას, გააუქმოს სსრ კავშირის და „ნაცმოძრაობის“ საოკუპაციო (!) სამართლებრივი ფორმა – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. მჯერა, ეს პირველი, მნიშვნელოვანი გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ“, – წერს ბექა ოდიშარია.