მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით
1773310823
ეს გახლავთ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხი - თუ რა საკითხებზე მსჯელობენ, რა აქვთ სათხოვარი, რაზე მიმართავენ. ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ამგვარად უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერი გამოსვლის შესახებ, რომლის დროსაც მან განაცხადა: „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში. ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს”.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან. მან აქვე ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯები ჩამოთვალა.
„ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ასე რომ, ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე, მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებული. ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ. ჩვენი პოზიცია საჯარო და ღიაა, მათ შორის. რაც გააფუჭეს, ის გამოასწორონ და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ურთიერთობა დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს.
მარტივია ის ნაბიჯები, მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. პირველი - მათ უარი უნდა თქვან საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიულ დამხობის მცდელობებზე. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი საფუძველი, ვინაიდან ჩვენ ბრიუსელისგან ანტიდემოკრატიულ მცდელობებს ვერ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის მცდელობა, ქართველ ხალხს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილებები. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, უარი უნდა თქვას საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილების წაქეზებაზე.
მეორე - ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოში ფარულ დაფინანსებებზე და სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემებზე, რომლებიც, დღეს ჩვენ ვეჭვობთ, რომ არსებობს, მათ შორის, საზღვარგარეთ დარეგისტრირებული „ენჯეოების“ სიმრავლიდან გამომდინარე. გვაქვს ეჭვი, რომ ევროპიდან - არ ვიცი, ეს ბრიუსელია თუ რომელიმე დედაქალაქი, არის სქემები სანქციებისთვის გვერდის ავლისა. იმის საპასუხოდ, რომ ჩვენ ევროკავშირის სანქციებს პატივს ვცემთ, ვხედავთ, რომ ჩვენს სანქციებს პატივს არ სცემენ და გვერდის ავლის მცდელობები არის.
მესამე - ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს ანტიქართული რიტორიკა, რომელიც დამაზიანებელია ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
მეოთხე - ბრიუსელმა უარი უნდა თქვას პროპაგანდის დაფინანსებასა და წარმოებაზე საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, მარტივი ნაბიჯებია გადასადგმელი, ბრიუსელმა იცის, რა აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან იმ დონეზე, როგორზეც ეს იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.