შალვა პაპუაშვილი - ახალ, 2026 წელს ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, 2026 წელს იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით ხვდებიან. მისი თქმით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი.  ,,ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქეებო, ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო,

დასრულდა სირთულეებითა და წინააღმდეგობით აღსავსე 2025 წელი, რომელიც ისტორიული და გამორჩეული აღმოჩნდა.

ეს იყო წელი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი და ეროვნული პრიორიტეტები.

განვლილ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო გადამწყვეტ წნეხს, რომლითაც სცადეს საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება და სხვისი გეგმებისთვის ჩვენი დაქვემდებარება.

2025 იყო წელი, როდესაც საქართველომ უთხრა მტკიცე უარი სხვის სცენარებში მონაწილეობას და ქვეყნის მომავლით თამაშს. ჩვენ, ყველამ ერთად, ეს არჩევანი დავიცავით და ვაჩვენეთ მყარი ერთობა. ჩვენ, ყველამ ერთად, დავაბრუნეთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ეროვნული ინტერესის ცნება, როგორც სახელმწიფოს მოქმედების უმთავრესი საფუძველი.

დგება ახალი, 2026 წელი. მას ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით. ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი. 

ამ წელს ჩვენ თანდათანობით, დინჯად, გააზრებულად უნდა დავიწყოთ შენების ახალი ეტაპი. ეს შენება უნდა დაეფუძნოს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას და, ამავე დროს, უზრუნველყოს თანამედროვე, ეპოქის შესაბამისი ეროვნული იდენტობის მკაფიო გამოკვეთა.

მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ, სად ვდგავართ, რა გვამოძრავებს, რას ვიცავთ და რას ვაშენებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ.

ამ გზაზე მიგვიძღვის ჩვენი წინაპრების დატოვებული სიბრძნე და ცოდნა, სამშობლოს სიყვარულითა და მასზე ზრუნვით გაჯერებული მემკვიდრეობა.

სწორედ ამიტომ არ გვეშინია არცერთი იმ გადაწყვეტილების მიღების, რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურება.

ამ ინტერესთა სამსახურში ვდგავართ ერთად - ასაკოვანი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ერი და ბერი. 2026 წელს საქართველო აღნიშნავს განსაკუთრებულ თარიღს - საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, რაც ჩვენი ისტორიული უწყვეტობის, სულიერი ღერძის და ცივილიზაციური როლის კიდევ ერთი ხაზგასმაა.

სწორედ ამიტომ, ბოდბის მონასტრიდან გილოცავთ ახალი, 2026 წლის დადგომას.

წმინდა ნინომ დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს ჩვენი მშობლები და შვილები!

 

ვიყოთ და ვიცხოვროთ ერთობით, რადგანაც ძალა ერთობაშია”, - აღნიშნულია მილოცვაში.