საქართველოში სერიოზული გამოწვევაა ნარკო-პანდემია, მაგრამ ამის შველა კანონების დრაკონულად გამკაცრებით შედეგის მომტანი მსოფლიოში არსად ყოფილა - თამაზ დათუნაშვილი

თამაზ დათუნაშვილი

ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით სესიაზე გადის.

კანონპროექტის მიხედვით, მაქსიმალურად მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ.

ახალი რეგულაციები ეხება პასუხისმგებლობის გაზრდას მარიხუანასთან მიმართებითაც, ნარკომომხმარებელს კი 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და 5 წლით აეკრძალება საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ლოიალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ნარკომდგომარეობა "ქართულ ოცნების" პასუხისმგებლობაა.

"იმ უბედურებაზე, რომელიც ამ სფეროში ხდება, ერთმნიშვნელოვნად, თავისი ლოიალური პოლიტიკის გამო, პასუხისმგებელი არის არალეგიტიმური "ქართული ოცნება". ჩვენ, რა თმა უნდა, მოვითხოვთ, რომ უკომპრომისო ბრძოლა გაუმართონ ნარკორეალიზატორებს ე.წ. ბარიგებს. მეორე მხრივ, მომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ რესოციალიზაციის პირობები", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა საქართველოში სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მასთან ბრძოლა კანონის გამკაცრებით არაეფექტურია.

"საქართველოში სერიოზული გამოწვევაა ნარკო-პანდემია, მაგრამ ამის შველა კანონების დრაკონულად გამკაცრებით, შედეგის მომტანი მსოფლიოში არსად არ ყოფილა. ნარკოტიკების გასაღება, რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ ადამიანები, ვინც მოიხმარენ ნარკოტიკს ხშირად ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულები არიან. მნიშვნელოვანია მათი მკურნალობა, რესოციალიზაცია", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.