საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 9-10 აპრილს ვიზიტით საბერძნეთის ეწვევა, სადაც საერთაშორისო ფორუმს დაესწრება

მაკა ბოჭორიშვილი

 2025 წლის 9-10 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით ეწვევა საბერძნეთის რესპუბლიკას, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში "დელფოსის ეკონომიკური ფორუმი". აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

"დელფოსის ეკონომიკურ ფორუმს" გახსნის საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი. ღონისძიებას მაღალი დონის სტუმრებთან ერთად დაესწრება ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონალური და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის გაფართოების და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ღონისძიების მონაწილეებთან.