1736856330
სამწუხარო სანახავია ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა, უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს გახარიასა და ხაზარაძეს მედიატორობს - ბექა ოდიშარია
სამწუხარო სანახავია სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა, ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, პრეზიდენტის როლი გაცხადებულად არის კონსტიტუციის დარღვევა.
„სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, მაშინ, როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძისა და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. როგორც თვეების წინ ვაანონსებდით, ისინი ძალიან მალე გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა იმ ცოტა ხმებსაც წაართმევენ ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. ხალხი ერთმანეთს დედას როდესაც აგინებს, 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდეგ მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. კი ბატონო, გაერთიანდნენ, ისედაც ეს ორი იყო ძალიან მძიმე ქვა პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას მალე, 26 ოქტომბერს ვნახავთ.
პრეზიდენტის როლი გაცხადებულად არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მეცოდება ის, რადგან ამ როლის შესრულებას არავინ ეკითხება, მას ეს დავალება აქვს. ძალიან ვწუხვარ და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ასეთი მარიონეტია. ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს. სინამდვილეში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ გახარიასაც და ხაზარაძესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება არ აინტერესებს, თუმცა ინფორმირებული არიან იმის შესახებ, რომ პატრონებმა მათი ერთობა მათ გარეშე გადაწყვიტეს. უბრალოდ, ამის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილს დაავალეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის სასახლეში მისვლამდე ხაზარაძესა და გახარიას შორის შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მამუკა ხაზარაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო, ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს“.