სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: საქართველო აგრძელდებდა შეუქცევად სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატება რეფორმების გატარებაში აღებული ვალდებულებების შესაბამისად

 საქართველო ევროკავშირი

საქართველოს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, ყურადღება საქართველოს დასავლურ კურსსა და იმ ნაბიჯებზეა გამახვილებული, რომელთაც ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს.

„საქართველო აგრძელდებდა შეუქცევად, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატება რეფორმების გატარებაში ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის შედეგად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული პროგრესის გაანალიზების საფუძველზე, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ, ცალსახად დაამტკიცა ქვეყნის ერთგულება ევროპული კურსისადმი. ევროკავშირის საბჭოს 7 მარტის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი ორ ნაწილად − 11 აპრილს (პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები) და 19 აპრილს (სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი). კითხვარის გადმოცემამდე გაძლიერდა ევროინტეგრაციის შიდა საკოორდინაციო მექანიზმი, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მინისტრის მოადგილეებისა და უწყებებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დონეზე. კომისიის მუშაობის კოორდინაცია მიმდინარეობდა უმაღლეს დონეზე და მისი სხდომები კვირაში ერთხელ იმართებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველომ შევსებული კითხვარი ევროკომისიას ვადაზე ადრე გადასცა (პირველი ნაწილი − 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი − 10 მაისს)“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით.

„ამ მხრივ, აღსანიშნავია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტები (2021 წელს); სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი (2021 წლის ივლისი); საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელში. 17-18 მაისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროკავშირის ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებთან, კერძოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან − რობერტა მეცოლასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან − შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში − ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში − ოლივერ ვარეისთან. შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და შევსებული შეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომ პროცედურებზე; ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგულისხმოა ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკების შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (კენჭი ეყარა 2022 წლის 16 თებერვალს). გაგრძელდა ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ფორმატის სამომავლო ხედვის შემუშავებასა და დამტკიცებაში. 2021 წლის 15 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, 15 დეკემბერს კი − „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია და დამტკიცდა აღპ-ის 2020 წლის შემდგომი მიზნები, მათ შორის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფლაგმანო პროექტებს განსაზღვრავს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა თანამშრომლობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ევროკავშირთან ასოციირებული ქვეყნების ტრიოს ფორმატში.

„ფორმატის ფარგლებში, 2021 წლის ივნისში შედგა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ასოციირებული ტრიოს სამიტი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც დაესწრო და მისი თანდასწრებით მიღებულ იქნა პრეზიდენტების დეკლარაცია. 2021 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ტრიოს პრემიერ-მინისტრების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში. 16 დეკემბერს, სამიტის შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ევროინტეგრაციის საერთო მიზნებს, პრინციპებს, მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

154-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, უკვე პარლამენტშია.