პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანგარიში, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, უკვე პარლამენტშია. 154-გვერდიან დოკუმენტში საუბარია ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზეც.
„მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის პოლიტიკისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI). დოკუმენტის საბოლოო ვერსია დამატებით განახლდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების შესაბამისად. ამ ეტაპზე დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად.
ასევე მიმდინარეობს საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება. ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილების ფონზე, მოცემული ეტაპისთვის, ხდება დოკუმენტის სათანადო ნაწილების გადახედვა და არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუშაობის დაწყება იგეგმება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის №482 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 − 2024 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა“ და დაიწყო იმპლემენტაციის აქტიური ფაზა. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცდა „კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესი“, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო კრიტერიუმებს, რითაც ინციდენტზე მოპასუხე დაწესებულება განსაზღვრავს ინციდენტის სიმძიმეს მისი შესაბამისი კლასიფიცირებისთვის.
ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. გაგრძელდა ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიო გამიჯვნის პროცესი. ასევე გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის გაფართოება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენცია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმა და მართლწესრიგის ინსტიტუტი დედაქალაქის მასშტაბით სრულად ამოქმედდა. მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ყველა რაიონში მუშაობენ.
გარდა ამისა, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განხორციელდა არაერთი სასწავლო კურსი მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის ზრდა. ამ მიმართულებით 2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერებას და ემსახურება გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნას, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებასა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას“, - ნათქვამია დოკუმენტში.