სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: აშშ-თან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ ინტენსიური ძალისხმევა მიიმართა

აშშ- საქართველო

საქართველოს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობასა და მისი კიდევ უფრო გაღრმავებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული.

„ინტენსიური ძალისხმევა მიიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. დინამიკურად ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. აშშ-სთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად მყარ საფუძველს ქმნის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა და გაძლიერებული ფოკუსი რეგიონზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულა, საანგარიშო პერიოდში შედგა აშშ-ის კონგრესის დელეგაციების 3 ვიზიტი საქართველოში.

„აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის 15 მარტს დამტკიცებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე მე-7 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2022 წლის 26 აპრილს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცება, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობისა და აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს მიმართ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დასტურია, განსაკუთრებით, არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას არა მარტო ორმხრივ, არამედ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში.

„2021 წლის 6-7 და 11 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი − ფილიპ რიკერი ორჯერ ეწვია საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობითა და ფასილიტაციით, შედგა მნიშვნელოვანი შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის 4 ნოემბერს შედგა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის ვიზიტი თბილისში. 2021 წლის 20-25 სექტემბერს ნიუ-იორკში იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალურ დებატებში მონაწილეობის მიღების მიზნით. გენერალური დებატების მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, გაეროში ვიზიტით აგრეთვე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. 24 სექტემბერს შედგა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა 6 ორმხრივი შეხვედრა: გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან; თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯიბ ტაიპ ერდოღანთან; ლატვიის პრეზიდენტთან, ეგლის ლევიტსთან; ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, სებასტიან კურცთან; ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ საბაჰ ჰალედ ალჰამად ალსაბაჰთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიტსოტაკისთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

154-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, უკვე პარლამენტშია.