დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი ვალერი გელბახიანი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ასახელებს ქვეყნებს, სადაც შესაძლოა, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ ტრანსპორტირება მოხდეს. ეს ქვეყნებია გერმანია, შვეიცარია და ავსტრია. გელბახიანის თქმით, სააკაშვილის მხარე ახლა არკვევს, სად უფრო უკეთესია მისი გადაყვანა.
„სასჯელის გადავადების პრაქტიკა ჩვენს სასამართლოში არის. თუ მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ, ნიშნავს, რომ საქმეში პოლიტიკა ერევა. ამ საკითხზე მოლაპარაკება მიდის, შეკითხვები გვაქვს გაგზავნილი, ჯერ არა გვაქვს პასუხი გერმანიიდან, ასევე, დარეკილი გვაქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში. ჯერ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, სად უკეთესია მისი გადაყვანა“,- განაცხადა გელბახიანმა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თანხმდება თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას, როგორც მმართველი პარტიის დეპუტატი და ექიმი ლადო კახაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მსჯავრდადებული ადამიანის ქვეყნის გარეთ გაყვანას კონსტიტუცია არ ცნობს.
„ჩვენი კონსტიტუცია არ ცნობს მსჯავრდადებული ადამიანის ქვეყნის გარეთ გაყვანას. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუციაში ცვლილება იქნება საჭირო. დარღვევა კონსტიტუციის უპატივცემულობა იქნება. და მაინც, თანხმდება თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, ჩემი თანდასწრებით ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა კახაძემ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი კი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს იზრუნოს მის თითოეულ მოქალაქეზე მიუხედავად მოქალაქის სტატუსისა.
„საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს მის თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად მოქალაქის სტატუსისა, უზრუნველყოს ის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობით და დაიცვას მისი ჯანმრთელობა, როგორ მოახერხებს ამას, უცხოეთში გადაყვანით თუ სხვა გზით, ეს მთავრობის გადასაწყვეტია და აქ არანაირი ბარიერი არ არსებობს“, - აცხადებს ალაფიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი გაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 8 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე 1 ოქტომბერს დააკავეს.