საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

„საქართველო გაფართოების პაკეტის ნაწილია, ჩვენ სხვა სივრცეში არ ვართ და ეს განწყობა იყო ცალსახა, საქართველო არ არის დიფერენცირებული და მოხარულები ვართ, რომ სწორედ აღნიშნული განწყობა მივიღეთ პარტნიორებისგან.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდგომ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. 

მინისტრის შეფასებით, აღნიშნული მინისტერიალი ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო, რომლის ფარგლებშიც წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ემსჯელათ. 

„ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. მოგვეცა შესაძლებლობა, ყველას გამოგვეხატა საკუთარი აზრი, როგორ ვხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და რა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც პლატფორმას, წევრ ქვეყნებს მოუტანოს მომავალში. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, თუმცა, ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა, თუ სხვა ახალი მექანიზმი, რომელიც გააძლიერებს და დააჩქარებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას, მისასალმებელია“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა. 

მინისტრის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობას და ამ მხრივ გაწეულ ძალისხმევას. 

„შესაძლებლობა მქონდა, მესაუბრა ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, რომელიც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც უკვე გვაქვს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ნაწილია გაფართოების პოლიტიკის. ჩვენი კოლეგების განცდაა, რომ საქართველო არის ნაწილი „ასოცირებული ტრიოსი“, სამეული აგრძელებს განვითარებას, სამეული არის პერსპექტიული ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც მომავალში უნდა გადადგან ახალი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ. ბრიუსელში მ.წ. 12 დეკემბერს გაიმართა. 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევრონესტის თანათავმჯდომარეები. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან და კოლეგა მინისტრებთან.