1727944755
სააკაშვილის სია დიდი ხანია არსებობს, 2013 წლის ივნისის თვეში აღმოჩენილ საქაღალდეს პირდაპირ ეწერა „დასაჭერების სია" - ცაგარეიშვილი
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კასრების სიის შემქმნელებისგან სააკაშვილის სიის შედგენაზე საუბარი არასერიოზულია. უმრავლესობა იხსენებს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ მასალებს, მათ შორის დოკუმენტაციას და ამბობს, რომ სწორედ ამ დოკუმენტებიდან გაირკვა ის, თუ როგორ ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება მისთვის არასასურველი პირების უკანონოდ დასჯას. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სია უკვე არსებობს და ის 2013 წლის ივნისში სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩინეს. "ცინიზმის მწვერვალია, როცა აი ამგვარ სიებზე საუბრობენ. ამგვარი სია უკვე დიდი ხანია არსებობს, 2013 წლის ივნისის თვეში აღმოჩენილი იყო სამეგრელოს სამალავებში ეს სია, კასრებში. იყო საქაღალდე აღმოჩენილი და ამ საქაღალდეს პირდაპირ ეწერა დასაჭერების სია და იქ მეგის ქარდავას გვარიც იყო ნახსენები და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო პირდაპირ "ნაციონალურ მოძრაობასთან", მიხეილ სააკაშვილთან. ამ ადამიანის გარეშე არავითარი სია არ კეთდებოდა, ასე რომ სააკაშვილის სია არსებობს. ნუ იწვალებენ ეს ადამიანები, უბრალოდ შეიძლება გადაახალისონ, რამდენიმე ახალი გვარი შეიტანონ, ბატონ ბილს გაუგზავნონ და იქნება სააკაშვილის სია, ეს იქნება სააკაშვილის სია, ადამიანებისა, რომლებიც სიკვდილს გადარჩნენ, იმიტომ რომ მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერი," - თქვა ცაგარეიშვილმა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე სააკაშვილის სიაზე საუბარს ლობისტური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. "რაიმე სიებზე საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაციური განცხადება, მითუმეტეს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელმაც ჩამოაყალიბა თავიანთი მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე დანაშაულებრივი სისტემა. ეს პიარული კამპანია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ლობისტები არ ერიდებიან ყველას მაქსიმალურად ჩართვას. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახმა დაიქირავა ამერიკული ლობისტური კომპანია. აღნიშნული ფაქტორიც, ვფიქრობთ რომ არის ერთ-ერთი ამ მიმართულების, ამ ლობისტური მიმართულების კომპონენტი. მითუმეტეს, როდესაც ამ პიროვნებას არანაირი საფუძველი არ აქვს განაცხადოს ასეთი ხმამაღალი და ბრალდებით სავსე განცხადებები, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის წამება მიმდინარეობს,"