რუსეთის ულტიმატუმების ფონზე, საქართველოს მიმართ მხარდამჭერი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია - ირაკლი ბერაია

ბერაია

"რუსეთის ულტიმატუმების ფონზე, საქართველოს მიმართ მხარდამჭერი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის აგრესიული რიტორიკა და აგრესიული ქმედებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ის, რომ რუსეთი ულტიმატუმს უყენებს ალიანსს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აგრესიულ რიტორიკას და ქმედებებს, რომელსაც ეს ქვეყანა ახორციელებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გვესმის პრინციპული პოზიცია, რომ რუსეთის ულტიმატუმი ყველასთვის, ისევე როგორც მსოფლიო წესრიგი რუსულად, არის აბსოლუტურად მიუღებელი და რა თქმა უნდა, ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.