"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი და ტელეწამყვანის, ცისანა სეფიაშვილის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მშვიდი და იდილიური ეტაპია. 50 წლის ზღურბლს რაც გადააბიჯა  ცხოვრების პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. აღიარებს რომ ბევრი ადამიანი გაუშვა მისი ცხოვრებიდან, თუმცა ვინც დარჩა მათ ორმაგად აფასებს.

მისი ჰარმონიის წყარო მისი მეუღლე ოთო გიორგობიანი, ოთხი შვილი და მოსიყვარულე მშობლები არიან. სხვათა შორის ცისანას ცხოვრებაში სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც სულაც აღარ ფიქრობდა სიყვარულზე და თვლიდა, რომ ამის გარეშეც ძალიან ბედნიერი და შემდგარი ქალი იყო, თუმცა ოთოს გამოჩენამ მისი ხედვები და გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ სიყვარულსაც მოჰყვა  განსაცდელი, როდესაც ერთი შეხედვით მარტივი ფეხის მოტეხილობა იმდენად გართულდა, რომ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა.

- მე არ შემიძლია გაჩერებული და პასიური ვიყო კარიერაში. ჩემი საქმიანობა დამატებით ძალას მაძლევს ცხოვრებაში. ეს შესაძლებელია იმ დროს, როდესაც ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ყველანაირ თავისუფლებას გაძლევს, მეტ სტიმულს გაძლევს, რომ ვაკეთო საკუთარი საქმე.

- მეუღლეს გულისხმობთ?

- კი, რა თქმა უნდა. ის ნამდვილად მაძლევს ძალას, რომ ვაკეთო ჩემი საქმეები.

- მეუღლემ როგორი კომფორტი შეგიქმნათ, რომ ასე ბედნიერად და ლაღად გრძნობთ თავს?

- ჩემმა ქმარმა ძალიან ბევრი კომფორტი შემიქმნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩემს შვილებთან მისი ურთიერთობა და ჩემთან დამოკიდებულება, რომელიც ისეთია, რომ არც კი მეგონა თუ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასე იზრუნებდნენ მეორე ადამიანზე. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ხშირად ვეხუმრები კიდეც, რომ შენს გვერდით უფრო კეთილშობილი გავხდი. ყველა ჩემ წამოწყებას მხარს უჭერს, ეს ტელევიზია იქნება, სიმღერა, თუ ახალი იდეები, რომლის განხორციელებაც მომავალში მინდა. ყველა შემთხვევაში ის გვერდში მიდგას. ყველაფერში მიწყობს ხელს, რაც მე მაბედნიერებს.

- თუმცა დაოჯახებითანავე პრობლემების გადალახვაც მოგიწიათ, ვგულისხმობ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს პრობლემა, რომ გადალახეთ ალბათ ახლა განსაკუთრებული სიმშვიდეა თქვენს შორის?

- ეს იყო მართლაც რთული პერიოდი, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო ამ ადამიანის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო, რადგან შესაძლოა ვერ გადაეტანა. ერთმანეთის გვერდში დგომამ, გატანამ და მხარდაჭერამ თავის საქმე გააკეთა. მიუხედავად იმისა, ერთი წუთითაც არ დამიტოვებია ოთო საავადმყოფოში, ერთად ვათენებდით ღამეებს, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ოთომ მანამდე იმდენი რამ მომცა, იმხელა სიყვარული დამანახვა, რომ ამან მომცა ძალა, რომ ასე დავდგომოდი ამ რთულ პერიოდში გვერდით. საბედნიეროდ დღეს ყველა ეს ეტაპი გავლილია.