როგორია დაჭრილი დონალდ ტრამპის მდგომარეობა და ვინ არიან დაღუპულები - დეტალები

ტრამპი

მას მერე, რაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში სროლა იყო ამომრჩეველთან მის შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

საიდუმლო სამსახური გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა".

სამართალდამცველების განცხადებით, მსროლელი ტრამპის შეხვედრის გარეთ იმყოფებოდა და ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, ინციდენტის შედეგად დაღუპულია კიდევ ორი ადამიანი. მათივე ცნობით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას. 

"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს და პირველადი რეაგირების [თანამშრომლებს] მათი სწრაფი მოქმედებისთვის ამ ვერაგული შემთხვევის დროს" - წერს ტრამპის პრესმდივანი და დასძენს "იგი თავს კარგად გრძნობს და შემოწმება უტარდება ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. სხვა დეტალები მოგვიანებით გავრცელდება".

ტრამპი ცოცხალია, მაგრამ სისხლიანია, თავდამსხმელი კი აქციაზე გასროლის შემდეგ დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

მიტინგზე სროლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. დონალდ ტრამპის კომუნიკაციების დირექტორის მოადგილემ, მარგო მარტინმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის თვითმფრინავიდან ჩამოდის.

„ძლიერი და გამძლე. ის არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკისთვის“, - დაწერა მარგო მარტინმა სოციალურ ქსელში.

ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო და ჩაიმალა, როცა მის წინ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დაჯგუფდნენ ცოცხალი კედლის ფორმით.

ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და ჰაერში მუშტი მოიღერა, მანქანაში ჩაჯდომამდე.

სროლა მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარაუდობენ, რომ ყრილობაზე პარტია ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მადლიერებას გამოხატავს ინფორმაციაზე, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს.

"ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც შეხვედრას ესწრებოდა. ველოდებით დამატებით ინფორმაციას" - ამბობს ბაიდენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

„ღრმად ვარ შოკირებული იმ სროლით, რომელიც მოხდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს. დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი კარგ განწყობაზეა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა განაცხადა.

„მამაჩემს ახლახან ველაპარაკე ტელეფონით და ის კარგ განწყობაზეა. ის არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკის გადასარჩენად, არ აქვს მნიშვნელობა, რას ესვრიან მას რადიკალი მემარცხენეები“, – განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.