საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
სამშობლოს ღალატი და ქვეყნის საბოტაჟი - გიორგი ბარამიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. ცნობილია, რომ პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ბარამიძის განცხადებებმა საქართველოს წინააღმდეგ მძიმე პრეტენზიების წაყენების საფრთხე შექმნა, საერთო კონტექსტი კი პროცესის ორკესტრირებულ ხასიათზე მიუთითებს.
მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება საფრთხის შემცველი იყო:
"რაც ბარამიძემ გააკეთა ამ განცხადებით, საფრთხის შემცველი იყო ის, რომ მან თქვა, დახვრეტები მიმდინარეობდაო. პირველ განცხადებაში თქვა, რომ ამას აკეთებდა ჩვენი არმია, შემდეგ კი თქვა, რომ არა, არმია არ აკეთებდა, ამას აკეთებდა მოსახლეობა თვითონ, თვითნებურად.
ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ეს განცხადება იყო დიდი საფრთხის შემცველი, რომ საქართველოს წინააღმდეგ წაეყენებინათ პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მასობრივად ხდებოდა სამხედრო დანაშაული და ამას აღიარებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.
ამის გაკეთება იყო ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ეს იქნებოდა რაღაც მისი წამოცდენა ან არასწორი ნათქვამი, რომ არა ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც მოხდა ეს ყველაფერი.
გვარამიამ თქვა, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქართველებმა უნდა მოვიშოროთ და ტერიტორიულ მთლიანობაზე არ უნდა ვიფიქროთ, შემდგომში ეს გააკეთა ვინმე მიქელაძემ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, მერე ამას სხვა რაღაც ეჭვები და განცხადებები მოჰყვა და ერთიან კონტექსტში ეს ყველაფერი ნამდვილად გვაფიქრებინებდა, რომ ეს იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბარამიძის დაკავება, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ქართველი სამხედროები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა. პროკურატურაში ითქვა, რომ ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა.