ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება“, – განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა დადგინდეს, როდის დაიკარგა ეს ექსპონატები, საჭიროა მოკვლევა და გამოძიება.
„ფაქტია, ინვენტარიზაცია ბოლო მინიმუმ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება შეიქმნა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების შესაბამის ხელმძღვანელობას სრულფასოვნად არასოდეს ჩაუტარებია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციები ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ზედაპირულად. ამას ადასტურებს სწორედ ეს შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, როდესაც პრობლემაა, მას ურჩევნია, ყოველთვის ხმამაღლა ისაუბროს.
„მესმის, როდესაც ხარ ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელობაში, შეიძლება, რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი არ გინდოდეს, მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ესმის, რომ ზოგიერთი კადრის გათავისუფლება ხდება, მინისტრი არ არის კომპეტენტური, ამ მინისტრმა კარგად იცის პოლიცია, იუსტიცია და ციხე, მაგრამ არ იცის მუზეუმი, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფაქტებით. მე არ ვარ მეცნიერი, არც პალეონტოლოგი, არც პალინოლოგი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, ხოლო როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული“, – განაცხადა წულუკიანმა.
წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია თავის წინამორბედებთან და თუ ჰქონდა, რა იყო მათი არგუმენტები, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ წინამორბედებს არაფერში ადანაშაულებს, რადგან თავადაც კი, ვინც საჭიროდ ჩათვალა ამის დაწყება, ეს მარტივად ვერ შეძლო.
„ხელის შემშლელი იყო ის ხალხი, ვინც ახლა ქუჩაში ყვირის და, რომლებიც გავათავისუფლეთ. ხელის შემშლელი იყო ის, რომ ინვენტარიზაცია რომ ჩაატარო, ექსპონატებამდე, ფონდებამდე უნდა მიხვიდე. ჩვენ ადგილზე დაგვხვდა გარკვეული დახურული ჯგუფი. დახურული ჯგუფის სახელწოდებაა სექტა, რომელიც თავისთან ახლოს არავის და არაფერს არ უშვებს. ეს არის გაგოშიძეების კლანი და ბევრი გვარ-სახელია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული გვარ-სახელის ადამიანი. ეს ჯგუფია, რომელიც მრავალი წელი მუზეუმში იყო. იმ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვენ – მე და თქვენ რომ დავიბადეთ, უკვე მუზეუმში მუშაობდნენ და ღვაწლმოსილი მუზეუმელები არიან, ეს მეორე ჯგუფი, რომელიც უმცირესობაში იყო, ყველაფერში პრივილეგირებული იყო, საგრანტო პროექტებში ისინი მონაწილეობდნენ, ისინი ჩანდნენ, მათ შერაცხავდნენ და ასახელებდნენ, როგორც დიდ აღმომჩენებს და ა.შ.“ – განაცხადა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, რაში გამოიხატებოდა ხელის შეშლა მათი მხრიდან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მაგალითად, როდესაც შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის დირექტორად შესანიშნავი ახალგაზრდა, ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, ეს ჯგუფი ახალბედაშვილს კაბინეტში მიუვარდა და მისი კაბინეტიდან გამოყვანა გადაწყვიტეს.
„იმ ჯგუფს, რომელიც დაგვხვდა, ვუთხარი, მოდით, ჩავატაროთ ინვენტარიზაცია მეთქი. იმიტომ, რომ ნდობა გამოვუცხადე. მათ ჩაატარეს ინვენტარიზაცია, რომელიც მერე გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებიათ. უბრალოდ, გააფორმეს, ვითომ ინვენტარიზაცია ჩატარდა. ამის მერე ჩვენ რეალური ინვენტარიზაცია დავიწყეთ და უკვე გაჩნდა უნდობლობა. იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ქაღალდზე რაღაცის შედგენას. ეს გულისხმობს კონკრეტულ ექსპონატთან მუშაობას, კონკრეტული ინვენტარის დოკუმენტთან მუშაობას და შემდეგ ასახვას იმისა, რა იყო და რა დაგხვდა, ექსპონატის ისტორიას და პასპორტიზაციას“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, გამოძიება ჯერ ვერ დაიწყება, ვინაიდან ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება.
აქვე, კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ შექმნილი იყო ძალიან პრიალა ფასადი, თითქოს ეროვნულ მუზეუმში ყველაფერი საუკეთესოდ არის და მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა არავითარი ნიშანი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რომელიმე მინისტრს ეჭვი შეჰპარვოდა, რომ შეიძლება, რაღაც ხდება; მაგრამ, მინისტრის თქმით, მას ეჭვი შეეპარა, რადგან მეგობრობდა საგანძურის მცველთან, ელენე კავლელაშვილთან, რომელმაც გარდაცვალებამდე მოასწრო და უთხრა, რომ იქ პრობლემები იყო.
ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის საფუძველზე აცხადებს კულტურის მინისტრი, რომ მისი ინფორმაციით, ბრიუსელში ელჩად ყოფნის დროს, ედმუნდ კალანდაძის ნამუშევარი, რომელიც მისივე თქმით, სალომე სამადაშვილს ებარა, ყალბი ფერწერული ტილოთი იყო ჩანაცვლებული, ხოლო საელჩოსთვის ამ ტილოს დაკარგვის შესახებ 2012 წლამდე იყო ცნობილი და რით დასტურდება ეს კონკრეტული გარემოება, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო ასე ფიქრობს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რამე დასტურდება.
„ქალბატონი სალომე სამადაშვილი ხელს აწერს წერილს. ეს არის 2012 წლის სექტემბრის წერილი, როდესაც მათ ბოლომდე არ სჯეროდა, მაგრამ ცვლილების სიო იგრძნეს და როგორც ჩანს, დაიწყეს რაღაც ტიპის მოძრაობები, რომ აღეწერათ ვაშინგტონში და ნიუ იორკში, სადაც მუზეუმის ათეულობით ექსპონატია დაკარგული. ეს საოცრებაა და ეს ყველაზე დიდი ნაწილია გამოძიების. ნიუ იორკში ჩვენ მისიაში როდესაც 2012 წელს ინვენტარიზაცია ჩაატარეს, ტილოები აღარ იყო. ასევე სამადაშვილის დროს, სწორედ იმ ტილოზე, რომელიც ჩანაცვლებული აღმოჩნდა, ის თავის წერილში წერს და სამინისტროს ატყობინებს, რომ ედმუნდ კალანდაძის ტილოს არ აქვს არც რეკვიზიტი, არც ნომერი და არც ფონდის აღმნიშვნელი არავითარი ნიშანიო. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ტილოსთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი, მაგრამ ეს არსად არ გადაცემულა, რეაგირება არ მოგიხდენიათ მეთქი, ეს ვუსაყვედურე. თუმცა, მას ეს არ მოეწონა და ამას ჭორაობა უწოდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ნიუ იორკში და ვაშინგტონში საუბარია ათეულობით ტილოზე და მაგალითად, ირანში საუბარია თერთმეტ სხვადასხვა ტილოზე.