რა პროექტებს განახორციელებს დედაქალაქის მერია 2023 წელს - კახა კალაძის განმარტება

kaladze

მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა 1 მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად 1 მილიარდ 760 მლნ-ს მიაღწევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს ბიუჯეტი შესრულდა 94 პროცენტით, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 35 მლნ ლარის გადაჭარბებითაა შესრულებული.

კახა კალაძემ ისაუბრა ასევე 2023 წელს დაგეგმილ პროექტებზე.

„ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მათ შორისაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ეს იქნება მრავალწლიანი შესყიდვა, რომელიც წელს დაიწყება. ასევე, წელს დავიწყებთ ავტობაზის მშენებლობას. წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში გაგრძელდება უსახლკაროების პროგრამა და წლის განმავლობაში დაახლოებით 70-80 ბინას შევისყიდით. ასევე, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება.
შეუფერხებლად გაგრძელდება სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების ვაუჩერის პროგრამა, რომლისთვისაც 10 მლნ ლარია ბიუჯეტით გამოყოფილი. დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება: ამ დროისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარე ეტაპზეა. კერძოდ, კრწანისის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულდება.

ასევე, მიმდინარეობს, ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირის და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ამ დროსითვის, პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, განმეორებითი ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამასთანავე, უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი შალიკაშვილის სახელობის ხიდის და მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციისთვის განმეორებითი ტენდერების გამოცხადება.

გზების კაპიტალური სამუშაოების მიმართულებით, დაგეგმილია სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და ისნის რაიონში, ეშბას ქუჩის და მახათას აღმართის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა.

უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაც, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ასევე, 2023 წელს ააიპ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ქალაქ თბილისის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა გუდიაშვილის მოედანზე 12 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ორბელიანის ქუჩაზე 2 შენობის, ფურცელაძის ქუჩაზე 3 შენობის, ერეკლეს ქუჩა # 6 ის, აბრეშუმის მუზეუმის, კადეტთა კორპუსის, პიონერთა სასახლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩა # 1 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას, რომელთა ჯამური ღირებულება 125 მილიონ ლარამდეა. ასევე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების კუთხით, ახალი პროგრამის ფარგებში მიმდინარეობს, 10 სართულიანი საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტიც 7 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება ახლა პროექტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილია სულხან-საბას, ინგოროყვასა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო ზემოაღნიშნული პროექტების პარალელურად, პირველ ეტაპზე მოხდება სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობების დაპროექტება ხოლო, შემდეგ რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. რაც შეეხება გამწვანებას, რეაბილიტირდება ვაზისუბნის პარკი, მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე პარკი, ციციშვილის პარკი, მუხიანის პარკი, პირველი რესპუბლიკის პარკი. გარდა ამისა, ე.წ. „სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი პარკი“, - განაცხადა კალაძემ.