ესპანეთში, საქართველოს 7 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

ესპანეთის პოლიცია

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ესპანეთში საქართველოს 7 მოქალაქის დაკავება არ დასტურდება. საქმე ეხება მედიაში გავრცელდა ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქ ესტეპონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ე.წ. „წამების ოთახი“ აღმოაჩინეს და პოლიციამ საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერდა, შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციაში განგაში მაროკოული წარმოშობის კაცის მეუღლემ ატეხა. მისი თქმით, მამაკაცი ერთ-ერთ სახლში სამუშაოსთან დაკავშირებით მიდიოდა და გააფრთხილა, რომ თუ გარკვეული დროის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა, პოლიციისთვის შეეტყობინებინა.

გამოცემა „El Español“-ის ცნობით, ქალმა 40 წუთზე მეტი ხნის ლოდინის შემდეგ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველები სახლში შევიდნენ მას შემდეგ, რაც კარზე დაკაკუნებას არავინ გამოეხმაურა. გამოცემის ცნობით, პოლიციის ღობეზე გადაძრომის დროს სახლიდან კაცი გამოვიდა, რომელსაც სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

შემდგომი ჩხრეკისას, მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში ე.წ. „წამების ოთახი“ აღმოაჩინეს. ადგილზე ასევე აღმოჩენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ორი AK-47 ტიპის ავტომატი და პისტოლეტები.