რა გეგმები აქვს ლევან ვასაძეს საპარლამენტო არჩევნებისთვის - ბიზნესმენი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ლევან ვასაძე

მოძრაობის “ერთობა, რაობა, იმედი – ერი”-ის დამფუძნებელი ლევან ვასაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მოძრაობას პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის.

გარდა ამისა, ლევან ვასაძემ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. გამოეხმაურა 20 ივნისის აქციასა თუ ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

„კავკასია ცენტრალური საქართველო სამართლიანობის, ჭირთა თმენის და წესიერი ადამიანების უმრავლესობის საქართველოა, რომელიც მაგალითს მისცემს მთელ მსოფლიოს, როგორი უნდა იყოს ქვეყანა. ასეთი ქვეყნისთვის საფუძველშივე შეურაცხმყოფელია ვიღაცის ნაირობაზე მითითება, ვიღაცების კავშირში მიღება-არ მიღებაზე ხვეწნა, ასეთი ქვეყნის გარშემო აკინძულ და აღორძინებულ რეგიონში აქეთ უნდა იხვეწებოდნენ ქვეყნები, ჩვენ მიგვიღეთ თქვენს გუნდშიო. ეს არის საქართველოს ურანოპოლიტიკური მისია, რომელიც მან გეოპოლიტიკაში უნდა განახორციელოს. სხვა ყველაფერი უკადრისი და დამაკნინებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე ოცნებობდნენ თავიანთ ყველაზე გაბედულ და ბრწყინვალე აზროვნებაში ჩვენი მეფეები და მამები, ამისკენ ისწრაფოდნენ და ამ მიზანს სწრირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს. ეს მამოძრავებს მეც და ჩემს მეგობრებსაც, ამაში ვეპატიჟებით მთელ ერს.

ამიტომ, არა – მიმდინარე „ნაც-ქოცურ” ტილაობას, არა „ქოცების” ლიბერალურ ჭაობში ჩარჩენას, არა „ნაცების” ლიბერალურ ტირანიაში დაბრუნებას. გაუმარჯოს ჩვენს ერს, დამოუკიდებელს, კავკასიის ერთგულს, მშრომელს და მეოჯახეს. ამისთვის შეიქმნა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი (ერი)”, ამისთვის გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, როგორც კი დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას ჩვენს მოძრაობაში გაწევრიანებისკენ”- განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვისას.