რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს - განახლებული კურსი
1765304442
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე წერს.
„წერილი რუსთავის კალათბურთის ციხის ლიგიდან, მინდა, ცოტა გაგახალისოთ.
რადგან ქართველმა ხალხმა ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, მე თვითონ გაგიღოთ ეს კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ.
მოკლედ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესება – ქართული პოლიტელიტის და ინტელექტუალების ამჟამინდელი კლუბი – welcome!
ყვარყვარეს ციხე ძალიან გადატენილია, მე შემიძლია, სამი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარო. დერეფნებში მუდმივი ტრაფიკია. სახე-აჭარხლებული ბადრაგების რაციიდან მუდმივად ისმის ხმა – ამასთან ადვოკატი მოვიდა, ის სასეირნოდ ჩაიყვანეთ, სხვა დააყოვნეთ და ა.შ.
რადგან ბადრაგს შევეხე, აქ ისინი იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად თვალების მიხედვით – შუშისთვალებიანებად და თანამგრძნობ-თვალიანებად. დაახლოებით შუაზე არიან გაყოფილები. ამ ორივე კატეგორიას და ციხის უფროსს შორის არის რეჟიმის 2 უფროსი – 1 ბოროტი და 1 უფრო ადამიანური. ბოროტმა თავი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამაცნო, როცა ჩემს მოსანახულებლად მოსული ბუბა კიკაბიძე ჩემ თვალწინ ცუდად გახდა, ხოლო ამ ტიპმა ცოცხალი თავით ექიმი არ შემოუშვა. შედარებით ადამიანური სამ დღეში ერთხელ გვეცხადება და წვრილმან საკითხებს გვიგვარებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის ყველა ვართ აქ ის ხალხი, ვინც ივანიშვილის პარლამენტში არ შევიდა და აქაოდა არ გეგონოთ, არ შეხვედით და თავისუფლად ივლითო, ჭორვილელმა აქ მოუყარა თავი, აქ არის თავისუფლების მოედანზე პერფორმანსის მომწყობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი, რომელზეც სულ მახსენდება „აბა ყვავების ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან“ ის ჩემს ქვემოთ იმყოფება და როგორც ჩანს არ ემღერება.
სამაგიეროდ, ყოველ საღამოს ქვემოდან მოგვესმის კატის ჭყავილი, რომლის ხმასაც ჩემი კიეველი ფისოს (მიშას) კნავილს ვამსგავსებ. ჩემგან ერთი საკნის იქით არის კაცი, რომელსაც დეკლარირებულად არ სურს ჩემთან 1 ჰექტარზე ყოფნა, მაგრამ არ უჯერებენ და ჩემგან 7 ნაბიჯში (საკუთარი ფეხით გადავზომე) ამყოფებენ.
ჩემ გვერდით საკანში ერთ დროს მაფიასთან შეუპოვრად მებრძოლი პროკურორია, რომელიც ჩემ მიმართ სოლიდარობას იმით გამოხატავს, რომ როცა მე კარებზე კაკუნით ბადრაგს ვიძახებ, და ბადრაგი არ მოდის, ისიც იწყებს კაკუნს, მადლობა მურთაზ, მე ყოველთვის მესმის და ვაფასებ.
როგორც სტალინი იჭერდა ძველ რევოლუციონერებს, აქაც ჯურღმულში იმყოფება ძველი რევოლუციონერი ჩე გივირა (თარგამაძე) რომელიც თავის დროზე შიშის ზარს სცემდა შუა აზიის დიქტატორებს და ლუკაშენკოს. ახლა კი ჩემი არ იყოს ოპუსებს წერს ციხიდან.
რაც შეეხება რუტინას, დღეში ერთხელ ადვოკატს ვხვდები და როცა ზოგჯერ ვერ მოდის, თავს იმ ბალღივით ვგრძნობ, საბავშვო ბაღში რომ არ მიაკითხეს. გარდა ამისა ყოველდღე ვმონაწილეობ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ტარდება სეირნობისთვის გამოყოფილ ვოლიერში, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში, სადაც ზემოდან ჯერ გისოსებია და შემდეგ ცა.
თავის დროზე „ნორჩ დინამოელში“ ვთამაშობდი, სადაც ლევან ინწკირველი მწვრთნიდა, შემდეგ კიევის უნივერსიტეტის გუნდში ბევრ აფრიკელ სტუდენტთან ერთად. ჰოდა ახლა დავუბრუნდი სიყრმეს და მე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეგულარულად ვეთამაშები და ვამარცხებ აი იმ უკრაინის მოქალაქეს, ზელენსკის რეფორმათა თავმჯდომარედ რომ მუშაობს, ყოველდღე ორ ნახევარ საათიან ტაიმს ვთამაშობთ. ერთი კია, რომ ადმინისტრაცია უარს მეუბნება მედლის გადმოცემაზე, იმ მოტივით რომ ბურთი სტანდარტებს არ შეესაბამება და ვოლიერში ფარი არ ჰკიდია, თანაც ამტკიცებენ რომ ზელენსკის წარმომადგენელს კი არა, საკუთარ თავს ვეთამაშები (ნუ შეიძლება არ ცდებოდნენ) ამიტომ ვაპირებ კალათბურთის ფედერაციის გვერდის ავლით, პირდაპირ FIBA-ში ჩივილს, რომ თუ ჩემს სხვა დამსახურებებს არ აღიარებთ, სპორტული მიღწევები მაინც დააფიქსირეთ თქვე უღმერთოებო თქვენა!
ვოლიერში არის კიდევ ერთი ბედნიერება, მე-4 წლის მზის უნახავმა, როგორც იქნა დავინახე მზე. ნუ მთლად ასე ადვილად არა, მზე ვოლიერს ისე უდგება, რომ უნდა ძალიან გაიჭიმო ფეხისწვერებზე, რომ შუბლზე და თვალებზე მოგანათოს და კიდევ თუ იხტუნავებ, მთელს სახეზე იგრძნობ. მოკლედ მზეთუნახავიდან გარდავიქმენი – მზეზე მხტომარე არსებად.
ტურნირიდან სართულზე ამოსვლისას უკვე გვარამიას საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე (დერეფნის დასაწყისში) დერეფნის ბოლოდან, სადაც ჩემი საკანია, ცხვირში მხვდება შემწვარი თევზისა და ხახვის მძაფრი სუნი, დაახლოებით ისეთი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში რომ გამოდიოდა, ჩინელი სტუდენტების ოთახებიდან.
საქმე იმაშია, რომ ციხის საკვებზე თავიდანვე უარი ვთქვი. ერთადერთხელ გამოვართვი პური, რომელსაც დმანისის სამარხებში ნაპოვნის გემო ჰქონდა და ვუკვეთავ საკვებს ციხის მაღაზიიდან. ოღონდ ეს მაღაზია თქვენ რამე რესტორანი არ გეგონოთ, თუმცა რესტორანზე ბევრად ძვირია. შეკვეთის მიღებას 3-4 დღე უნდა და თან არ გქონდეთ ილუზია, რომ რასაც შეუკვეთავ იმას მოგიტანენ.
მე მაგალითად, წინა კვირას შევუკვეთე ქათამი და ამათ მომიტანეს სკუმბრია. მერე ხაჭაპური და ამათ მოიტანეს მყრალი გაყინული სტავრიდა. მერე ამ ყველაფერს ხო მომზადება ხომ უნდა – ხოდა შევიძინე თურქული ელექტრო ტაფა (რა თქმა უნდა, უხარისხო და ატკატით ნაყიდი – 150 ლარი ღირდა). უკვე მესამე ტაფა შევისყიდე, ვინაიდან ამ ტაფის ჩართვა უფრო საფრთხიანია, ვიდრე პარაშუტით გადმოხტომა. წინა ორი ტაფა ამიფეთქდა, ისე რომ შნურიდან ცეცხლი გამოვიდა, ხოლო სახურავი ორჯერ შემეყარა სახეში წვრილ ნამსხვრევებად.
ხოდა ვარ ასეთ გაწამაწიაში, მთელი კედლები წინა ტაფების ნარჩენებში და შხეფებშია. მერე ამ ყველაფერს გარეხვა უნდა და მე ჩემი გამოუცდელობით, მთელი ორი კვირა ჭურჭელს ტუალეტის სარეცხი დომესტოსით ვრეცხავდი, ხოლო ტუალეტს ჭურჭლის სითხით. ტუალეტი რა თქმა უნდა თურქულია, ხოლო თუ მუხლებზე პრობლემა გაქვთ, მისით სარგებლობა ყოველ ჯერზე ოლიმპიურ ასპარეზობას ემსგავსება.
ნუ ხომ კიდევ ბადრაგის ოთახში რამდენჯერმე ის კაცი მომხვდა თვალში, თვალებმოჭუტული, რომელიც სწორედ ისაა ვინც სამი წლის წინ ამ ციხეში საკვები შემომიტანა, რომლის გასინჯვის შემდეგ ერთი წელი სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ ვგრძნობ კიდურებს და უამრავი სხვა დატოვებული სიმპტომი მაქვს. ხოდა დაახლოებით შორიახლოს ჩასაფრებულ ნიანგს ჰგავს ეს სიტუაცია. სხვათა შორის ბადრაგების ოთახში მუდმივად აქვთ ჩართული ოპოზიციური არხები, ხოლო კვირის ბოლოს მთელი ხმით აღრიალებენ „ნოდარ მელაძის შაბათს“.
იმ დღეს სოფო მოვიდა ყოველთვიურ ვიზიტზე (ფანჯრის აქეთ-იქიდან ვსაუბრობთ ტელეფონით, რომელიც სულ წივის) და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცხებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა, გრძელი დერეფნებით, რომლებიც გეგონება არ მთავრდება, გასაღებების და რკინის კარების ჩხაკუნით, ნახევრად ბნელი, მოქუფრული სივრცეებით, მოღუშული თანმხლები ბადრაგით. სოფოს ასევე უცებ გაახსენდა მრავალი წლის წინ „ვერის უბნის მელოდიებში“ თამაში, როცა მას, როგორც მრეცხავ ვარდოს , ციხეში სვამენ შეშის მოპარვისთვის.
ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით და ისე ამ ღირსეული ადამიანების ყოველი შემდეგი დღე ციხეში დიდი დანაშაულია მათი გამომკეტავების. ეს ხალხი ახლა საოპერო სცენებს უნდა იპყრობდეს, ახალ იუსტიციის სახლებს იგონებდეს, ახალ მედიებს ქმნიდნენ, ნამდვილ პარლამენტში უნდა ისხდნენ – მოკლედ ქვეყანას, რომელთაც ესენი ძალიან სჭირდებათ, უნდა ემსახურებოდნენ, ხოლო დანარჩენ პატიმრებს ბევრად უფრო ადამიანური მოპყრობა სჭირდებათ.
დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.