პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის ზრდა გამოიწვიოს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის ზრდა გამოიწვიოს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აფეთქება მოხდეს და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კიევს "მასიური მხარდაჭერა" დასჭირდება.

დუდას განმარტებით, ის შეშფოთებულია, რადგან ბრძოლების შეჩერების შემდეგ, დანაშაული უკრაინიდან პოლონეთში გადაინაცვლებს, რაც ასევე იმოქმედებს დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებზე.

არსებული სიტუაცია მან 1990-იან წლების რუსეთს შეადარა, როდესაც ავღანეთიდან დაბრუნებულ ვეტერანებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობამ და კრიმინალმა მასიურად იმატა.

პოლონეთის პრეზიდენტის განმარტებით, "ომის დასრულების შემდეგ, იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ, ფსიქიკური პრობლემები ექნება და ბევრი პოსტტრავმული სტრესისგან დაიტანჯება".

დუდას თქმით, "ომიდან საკუთარ სოფლებში და ქალაქებში დაბრუნების შემდეგ, ჯარისკაცებს დანგრეული სახლები, ქარხნები და ინფრასტრუქტურა დახვდებათ, ბევრი მათგანი სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩება".

პოლონეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინას აუცილებლად დასჭირდება მხარდაჭერა ეკონომიკის აღსადგენად და "ქვეყნის შიგნით წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად".