1692302192
ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდავს კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებას მას შემდეგ, რაც „სიენენმა“ გაავრცელა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ადრეული შეფასება, რომელიც ვარაუდობდა, რომ ირანზე თავდასხმებმა არ გაანადგურა ბირთვული ობიექტები.
როგორც თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირმა „სიენენს“ განუცხადა, ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ადრეული მოხსენების გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც შეფასება განთავსდა CAPNET-ზე, სისტემაზე, რომელიც გამოიყენება კონგრესთან საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად. ამის გამო, ადმინისტრაცია ნაკლებ ინფორმაციას გააზიარებს ამ სისტემაში.
ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი დღეს ირანთან დაკავშირებით სენატში ბრიფინგს გამართავენ.