1794494716
პარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი.
მისი ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში, საქართველომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში წარუდგინა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის (Path to Elimination – PTE) შეფასება და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT) ვალიდაცია.
საერთაშორისო მისიის ვიზიტის ძირითადი მიზანია ეროვნული ანგარიშით წარმოდგენილი მონაცემებისა და მტკიცებულებების ადგილზე გადამოწმება, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრამების განხორციელების შეფასება და ქვეყნის მზაობის განსაზღვრა საერთაშორისო ვალიდაციისთვის.
პარლამენტში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მხარდაჭერის, ასევე მიღწეული შედეგების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაში პარლამენტის როლის განხილვა.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებული შედეგი აქვს. მკურნალობის ეფექტურობა არის თითქმის 100 პროცენტი, რაც გამორჩეულია ყველა ქვეყანას შორის. ჩვენი ქვეყანა იბრძვის იმისათვის, რომ მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საერთაშორისო აღიარების უმაღლეს - ოქროს დონეს (Gold Tier). დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური შეფასებები იქნება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.









