1775053549
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, სკოლებში პირველ კლასში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც მიეცემათ, რომლებსაც ექვსი წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, 87 ხმით მიიღო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, გარდამავალი დებულების ნაწილს საგამონაკლისო რეგულაცია ემატება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც ექვსი წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდება.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.











