პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში ცვლილებას

ირინე წაქაძე

პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, კომპენსაცია გადაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.

მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში 2024 წელს შევიდა ცვლილებები, რომლითაც დაწესდა ახალი კოეფიციენტები და ამ კოეფიციენტებზე დაყრდნობით, სახელმწიფო კომპენსაციები გადაუანგარიშდათ სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. ეს ცვლილება შეეხო 9 ათასზე მეტ ადამიანს.

„სახელმწიფო კომპენსაციების გაზრდილი ოდენობები დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, ამ ცვლილებების აღსრულების პროცესში გამოიკვეთა პირთა გარკვეული კატეგორია, რომლებზეც არ გავრცელდა ეს გადაანგარიშება და ახალი რეგულაციები. ეს პირები არიან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები. ამ ადამიანებს გასაცემელი ჰქონდათ დანიშნული არა ამჟამად მოქმედი კანონით, არამედ სულ სხვა დასახელების ძველი კანონით, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ არის ძალაში. მათ ჰქონდათ ე.წ. სამხედრო პენსიის მიღების უფლება, მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები და თავისი სტატუსით ერთგვარად უთანაბრდებოდნენ პოლიციის მუშაკებს და სამხედრო მოსამსახურეებს. ახალმა კანონმა, რომელიც 2026 წელს ამოქმედდა, ამ კატეგორიების მიმართ აღარ გაითვალისწინა სახელმწიფო კომპენსაციების დანიშვნა, მაგრამ იმ მიზნით, რომ ისინი არ დარჩენილიყვნენ საერთოდ სახელმწიფო გასაცემის გარეშე, მათთვის დანიშნულ სამხედრო პენსიას, პირობითად, ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და ჩვეულებრივ, ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდა ამ კომპენსაციის გაცემა, ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში. ამ ადამიანებს 2024 წლის ცვლილებების საფუძველზე ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათ მიმართაც მოხდებოდა კომპენსაციის გადაანგარიშება, მაგრამ ეს არ მოხდა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ახალი კანონის ძირითად სუბიექტებს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთგვარად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა მსგავსი კატეგორიების ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომაც, უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება, თუ ერთჯერადად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გადაანგარიშების თაობაზე და მათაც ექნებათ გაზრდილი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციას იღებდნენ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება 69 ადამიანს და ამ ცვლილებების აღსრულებისთვის საჭიროა თვეში დამატებით დაახლოებით 20 000 ლარი, რაც თავისუფლად ანაზღაურდება შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით სახელმწიფო კომპენსაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.