რა ეღირება დოლარი და ევრო 24 დეკემბერს - ახალი კურსი
1734974538
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად მომზადდა, რომლის შედეგად აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, ორი დამოუკიდებელი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო შეიქმნება. კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 2025 წლის 1 იანვრიდან დაემატება ორი სამინისტრო, საიდანაც კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.
„უპრეცედენტო შემთხვევაა - საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება, რაც ჩვენი სპორტსმენების უდიდესი წარმატების შედეგია. ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანია ველოდით“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა.
საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით ცვლილებები 33 მოქმედ კანონში შედის, 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღესვე, პარლამენტმა პირველი მოსმენით კიდევ რამდენიმე კანონპროექტი განიხილა. მათ შორის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფიქსირებული კომპონენტი იცვლება.
„კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, სიგარეტზე ხელმისაწვდომობის შემცირების და ამ გზით ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების აუცილებლობით. კანონპროექტი უზრუნველყოფს სამართლიან დაბეგვრას და სექტორის კონკურენტუნარიანობას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
კანონპროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავალი ნაცვლად დღეს მოქმედი 15 %-ისა, დაიბეგრება 20 %-ით.
პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა და 86 ხმით, მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების თანახმად, ქონების სააგენტო აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, რითაც უზრუნველყოფილი იქნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები.
პარლამენტმა 85 ხმით მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
დეპუტატებმა 86 ხმით მიიღეს - „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები, რომლებიც უკვე მიღებული კანონების ამოქმედების ვადების გადავადებას ეხება. მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 12 დეკემბერს გაიმართება. -0:13