რა ბრალდებას არ ეთანხმება ბექა ჯაიანის დაცვის მხარე - დეტალები სასამართლოდან

ბექა ჯაიანი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. დაცვის მხარის ადვოკატის, სალომე არდოტელის განცხადებით, ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ გრძნობს და აღიარებს დანაშაულს, თუმცა იმას, რომ მან დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, არ ეთანხმება.

"დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ მოუპოვებია. შესაბამისად, არ წარმოგვიდგენია სასამართლოში, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბექა ჯაიანი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და იგი აღიარებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბუნებრივია, ნანობს აღნიშნულს, თუმცა არ ვეთანხმებით იმას, რომ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და არ ვეთანხმებით ასევე იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით. არსებითი განხილვის სხდომაზეც ჩვენი მსჯელობა ამ კუთხით წავა. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ მან ჩაიდინა 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ სისტემატური ცემა", - განაცხადა სალომე არდოტელმა.

პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, სასამართლოს გამოძიების მიერ მიწოდებული ყველა სახის მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

მისივე თქმით, ამავე პროცესზე მოხდა ბექა ჯანიანის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა და იგი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების მხრიდან იყო მოცემული ბექა ჯაიანის მიმართ დასაშვებადაა ცნობილი და მოხდება მათი არსებითი განხილვის ეტაპზე, როგორც მტკიცებულებების გამოკვლევა.

რაც შეეხება პატიმრობას, პატიმრობის გადასინჯვა გადაიხედა და პატიმრობა დარჩა ძალაში. გამოძიებამ მოიპოვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე კესარია აბრამიძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა ფოტოსურათების სახითაც, სადაც გარდაცვლილის ფიზიკური დაზიანება აღინიშნება, გამოთხოვილი იქნა აუდიო, ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დადგინდა ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანი, კესარია აბრამიძესთან ყოფნის პერიოდში მის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ, ძალადობრივ ქმედებებს", - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.