პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის თავმჯდომარე,ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს წერილს უგზავნის.
„2022 წლის ივლისიდან საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაცემული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტი თავად უძღვება ამ პროცესს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისგან შედგება) ჩართულობით. აღნიშნული პროცესი სამ დონეზე მიმდინარეობს: საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების, საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სესიის ფორმატში.
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ქვეშ შეიქმნა, შედგებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წევრებისგან, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ახალ ინიციატივებს, ისე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ანტი-კორუფციული ორგანოს - GRECO-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, პარლამენტმა კი იგი 5 ოქტომბერს პირველი მოსმენით, მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო. საპარლამენტო განრიგის მიხედვით, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება 13 დეკემბერს იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს, მოგმართოთ თხოვნით, რომ შეიმუშაოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრება ინიცირებული ცვლილებების თაობაზე.
წერილს თან ერთვის აღნიშნული ცვლილებები და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა“,- ნათქვამია წერილში.