"ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო" - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ერთობლივი განცხადება საქართველოზე

განცხადება ევროკავშირი

საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

"საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.

დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.

ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 1 438 116 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93% პროცენტს შეადგენს.