ოპოზიციას სურს, ხელი შეუშალოს ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ გამოძიებას, არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან გამოდის, რომ სადაც თავად არიან ეჭვმიტანილები, იმის გამოძიებას  ითხოვენ პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, ხელი შეუშალოს გამოძიებას.

ქართველმა სამართალდამცავებმა უამრავი საქმე გახსნეს და გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებში კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. ამის შემდეგ „ბიბისის“ ფილმი ვნახეთ, სადაც კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. შემდეგ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტის, ჟურნალისტის სამუშაო ადგილას თუ ოფისში აღმოჩნდა ქოლცენტრები, ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ ვაშაძის და არახამიას ქოლცენტრებზეა ინფორმაცია. ზოგჯერ ამბობენ, გაქირავებული აქვთ, ზოგჯერ ამბობენ ტურისტული კომპანიაა, ახალი ვერსია იყო სასტუმრო არისო. რატომ ემთხვევა ასე? ანუ, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტების და დამფინანსებლების მიმართულებით ამდენი რამე ერთმანეთს დაემთხვა? – ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცავებმა კონკრეტული მიმართულებები გამოიძიეს – კონკრეტულ ჟურნალისტს მიადგნენ და ქოლცენტრზეა საუბარი. ახლა პოლიტიკოსების ქოლცენტრებზეა მინიშნება და თავს იმართლებენ, ჩემი ძმის არის, გაქირავებული აქვსო. ეს ყველაფერი დამთხვევაა?

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან რა გამოდის? ლოგიკას თუ გავყვებით, მათ აქვთ ქოლცენტრები და თავადვე გამოიძიებენ? სადაც თავად არიან ეჭვმიტანილები, პარლამენტში იმის გამოძიებას თავად ითხოვენ. მგონი, სწორი დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. ოპოზიციას უნდა, ხელი შეუშალოს გამოძიებას და რაც შეიძლება დეტალურად ჩაიხედონ ამ საქმეში. ასევე, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. იმ ადამიანებს რატომ შეიძლება აწყობდეთ ქოლცენტრებზე კომისიის შექმნა, სადაც თავად იმხილებიან და ეს კლასტერი სხვადასხვა მიმართულებით არის გახვეული ქოლცენტრების ქარიშხალში. არ შეიძლება, ამას სხვა ახსნა ჰქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.