ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობა. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი მნიშვნელობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

ნიკოლოზ სამხარაძესა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ეუთო-ს და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.