ნებისმიერი მცდელობა იმის წარმოჩენის, თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუების მცდელობა - გიორგი კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიცრუეა ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაცია, ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რეალურად, შემოსავლებისა და გადასახადების კომპონენტში სახელმწიფო ნაერთი ბიუჯეტი საპროგნოზო მაჩვენებლის 102%-ით შესრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა მაჩვენებელმა 6 მილიარდ 700 მილიონი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობას აჭარბებს.

"ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული. ნებისმიერი მცდელობა იმისი, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუების მცდელობა.

მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც. იყო საუბარი, რომ დღგ ვერ სრულდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენთ არის გასულ წელთან შედარებით გაზრდილი, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდეგ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს, შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია. მსგავსი რამ ვერ მოხდება. სხვა გადასახადებზე რაც შეიძლება ითქვას, ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც თავდაპირველად სხვა გადასახადებში გვხვდება და ეს მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.