სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის პროცესი მიმდინარეობს

ანდრო

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ბოლო რამდენიმე პროცესი დახურული იყო.

ეს დაცვის მხარის მოთხოვნაა. ადვოკატის თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოსამართლის აცილებას მოითხოვენ. მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

მტკიცებულებები უნდა წარადგინოს ბრალდებამ. გამოძიება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

დაცვის მხარის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დღევანდელს სხდომაზე ბრალდების მხარე წარმოადგენს არგუმენტები, რომელზედაც ამყარებს პროკურატურა ამ საქმეს.

"დღეს, პროკურატურა წარმოადგენს შესავალ სიტყვას. წესით, დღეს უნდა მოვისმინოთ ის მთავარი არგუმენტები, რომელზედაც ამყარებს პროკურატურა თავის ამ თეთრი ძაფით შეკერილ საქმეს. დღეს, მოსამართლემ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება სხდომის გახსნას იმიტომ, რომ უკვე, დაახლოებით, ოთხი სხდომაა, რაც დახურული იყო პროცესები და არ იყო არანაირი წესის დაცვის მიზნით ეს გაკეთებული, ეს იყო დასჯის მიზნით, რომ ხალხი არ დასწრებოდა. თუ დღეს სხდომას არ გახსნის მოსამართლე, ეს იქნება საფუძველი, რომ მოხდეს მისი აცილება", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებიც ისარგებლებენ შესავალი სიტყვით.

"ბრალდების და დაცვის მხარეები დღეს შესავალი სიტყვით წარვდგებით მოსამართლის წინაშე. ბუნებრივია, ვისარგებლებთ ამ უფლებით. ამავდროულად, მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით დაინტერესდება და ჰკითხავს მათ - ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და ამავდროულად, ისინიც ისარგებლებენ შესავალი სიტყვებით", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.