მიზანმიმართულად ხდება მედიასაშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება.

"ნეგატიური კამპანიის ჭრილში-მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება. ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო "თავისუფალი ევროპის" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც უარყო.

სარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა - 14 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში "ქართული ოცნების" შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.

14 სექტემბერს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების" წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა.

ტელევიზიებმა "ტვ პირველმა" და "ფორმულამ" "ქართული ოცნების" პოლიტიკური ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ "ტვ პირველი" პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.

მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (მთავარს, ტვ პირველსა და ფორმულას) მოქმედება, რომელთაც უნდა გაეშვა "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპები ჯამში 787-ჯერ, მაგრამ არც ერთხელ არ გაუშვეს, მაშინ როდესაც ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას.

საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაც გამოვლინდა ამ პერიოდში", - განაცხადა მიქანაძემ.