1743537968
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას - ლევან მაჭავარიანი "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ

ამ წუთებში, პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, რომელზეც "ქართული ოცნება" დააინიცირებს კანონპროექტს "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ.
საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის მომზადებამდე, პარლამენტი მუშაობას იწყებს კანონზე, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობაც.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ პარტიის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სასამართლო დაადასტურებს, მას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესია ვერ მოიპოვეს, ამ მიზანს ისინი მაინც მიაღწევენ.
"ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უკვე 12 წელია ამას ელოდება. საგამოძიებო კომისია რაც მიმდინარეობს და ახლა, ვინც პირდაპირ ეთერში თვალ-ყურს ადევნებს, იქ უკვე ხედავს, თუ რა მჟღავნდება.
იქ, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ, ომთან დაკავშირებით როგორი ქაოსი იყო, თუ როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირი ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი, არც გაუფრთხილებიათ მოქალაქეები. არც კოდორი ხეობაში, არც ცხინვალში, მიატოვეს და გაწირეს სასიკვდილოდ და ა.შ.
რა თქმა უნდა, იქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აიკრძალოს, როგორც პარტია. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადავცემთ პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.