მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგაქიზაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ოლიგარქი არა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, არამედ მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან.

"საუბრობენ ოლიგარქებზე და ოლიგარქების როლზე ჩვენს ქვეყანაში. ეს თემა, დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც და რეალურად, უნდა ვთქვათ, რომ ეს თემა უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არ გვქონია და არც გვექნება. სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი. სად თქვეს, ვინ თქვა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ეს არის ტყუილი. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სააკაშვილია, სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და მისი პრობლემა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო ოლიგარქის განმარტება რა არის - ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს, მეორე კეზერაშვილი, ადამიანი, რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები და ჯარი გაძარცვა. მესამე კი სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. დღემდე ადამიანს მოქალაქეობაც კი არ აქვს. რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს. თქვენგან განსხვავებით ჩვენო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. მე წინაზე დაგისვით კითხვა, თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი, ვის ემსახურებით. დიდება საქართველოს, დიდება ხალხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.