„სააკაშვილს შეუძლია თანხის აღება პრორუსი ოლიგარქებისგან, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ“ - რა ინფორმაციას ფლობს უკრაინის ყოფილი გენპროკურორი

სააკაშვილი ლუცენკო

„უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

სააკაშვილის ბრძოლას უკრაინელი ოლიგარქების წინააღმდეგ ეჭვქვეშ აყენებენ პოლიტიკურ წრეებში, მათ შორისაა უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო. ოლიგარქიასთან ბრძოლაზე სააკაშვილის განცხადებამ საზოგადოების ნაწილს, სწორედ იური ლუცენკოს შეფასება გაახსენა, სადაც ყოფილი გენპროკურორი ამბობს: 

„სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ. მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს, უფრო მეტად, ვიდრე საქართველო და უკრაინა, ვიდრე ნებისმიერი თავისი ახლობელი და ნათესავი… სააკაშვილს შეუძლია თანხის აღება პრორუსი ოლიგარქებისგან, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ და ეჭვის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ძარცვა განახორციელეს. ის მზად იყო, დაერღვია არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის კანონებიც. მე ვმეგობრობ ბევრ ქართველ ოპოზიციონერთან და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელმაც ყველაზე რთულ სიტუაციაში მიატოვა ქართული ოპოზიცია. როდესაც სააკაშვილმა ასე ვთქვათ, გაარღვია პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, ვინც მას ეხმარებოდა, ყველა ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა და იბარებდნენ სასამართლოებში.

ახლა, როდესაც აღვადგინეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საზღვრის უკანონო კვეთაზე, მან კვლავ დაარღვია უკრაინული კანონები, ასევე – ქართული კანონები და ითხოვს ციხიდან გაშვებას. ყველა, ვინც ეხმარებოდა უკრაინასა და საქართველოში, პასუხს აგებენ. ეს არის მისი ხაზი, მისთვის ყველაზე მაღლა დგას არა საქართველო და უკრაინა, არა დემოკრატია და თავისუფლება, არამედ საკუთარი თავი“, – განაცხადა იური ლუცენკომ.

ოლიგარქი, რომელზედაც უკრაინის ყოფილი გენპროკურორი საუბრობდა, სერგეი კურჩენკოა. იური ლუცენკოს ინფორმაციით, ის პირადად აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს:

„სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა“, - ამბობს ლუცენკო.