1738871769
მამუკა მდინარაძე: ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განადგურდა და არანაირი სარგებელი არ მიუღია, არის უკრაინა - ასჯერ მეტად შეიძლებოდა გაწირულიყო საქართველო, ჩვენი ბუნებრივი რეფლექსია, რომ გადავრჩეთ
პატარა ქვეყანა ვართ და საქართველოს სულ სჭირდებოდა, ყველა დროში, რომ თავი გადაერჩინა. ცოტა წინ რომ წავიდეთ, თუ ვინმე ამბობს, რომ ომი არ უნდოდა [საქართველოში], სისულელეს ლაპარაკობს, იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის დასუსტების ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ და ომი რომ არ ნდომოდა ვიღაცას, ეს იქნებოდა გასაკვირი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
მისი თქმით, ამ გარემოების გარდა, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი რომ რეალური იყო, ამას ალექსეი დანილოვის განცხადებაც ადასტურებდა, რომელიც ამბობდა, რომ ქართველების საომარ მოქმედებებში ჩართვა უკრაინას დაეხმარებოდა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მართალია, საქართველოში ომი უკრაინას დაეხმარებოდა, თუმცა, თავად ქართული სახელმწიფო ვერ გადარჩებოდა.
„რატომაც არა, მე თუ რომელიღაცა ქვეყნის ზედმეტი აქტიურობის ხარჯზე დავასუსტებ რუსეთს, როცა მე მას დასავლეთიდან ვებრძვი, საქართველო რაში მაინტერესებს იმ [დასავლეთის] გადასახედიდან, რატომ არ უნდა იბრძოლოს საქართველომ და რატომ არ მიღირს, რომ 50-60 ათასი ჯარისკაცი დავაკავო საქართველოში. ისევე როგორც პირდაპირ, გაჭრილად თქვა დანილოვმა, ეს წამოცდენა ხომ არ იყო და შემთხვევითი კაცი ხომ არ იყო, თუ ქართველები დაკავდებიან ამ საქმით, ძალიან დაგვეხმარებაო. მართალი თქვა იმ კაცმა, ძალიან დაეხმარებოდა, უბრალოდ, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, იმიტომ, რომ 10-ჯერ ნაკლები ქვეყანა ვართ ყველა გაგებით - ტერიტორიულად, მოსახლეობით და რუსეთს დასჭირდებოდა 10-ჯერ ნაკლები ძალისხმევა საქართველოს გასანადგურებლად სამწუხაროდ.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში, ზოგმა ქვეყანამ რაღაც მოიგო, ზოგმა კი - წააგო, თუმცა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იოტისოდენა სარგებელიც კი ვერ ნახა, ეს სწორედ უკრაინაა, რომელიც განადგურდა. საქართველო, მდინარაძის თქმით, შესაძლოა, ასჯერ მეტად გაწირულიყო. რაც არ უნდა ვიკამათოთ, ვის აწყობდა, ვის არ აწყობდა - გასაგებია, იქითა მხრიდან ხელშეწყობა ჰქონდათ უკრაინელებს საიმისოდ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ. საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის იძულებითი სვლა იქნებოდა თუ არ იქნებოდა იძულებითი სვლა, კიდევ რომ ვინმემ რაღაც არ დაგვაბრალოს და პრორუსობაზე არ ილაპარაკოს, რუსეთმა დღეის სამწუხარო მდგომარეობით, ნატოს ქვეყნებსა და თავის ქვეყანას შორის, გარკვეული ბუფერი გაიკეთა უკრაინის ხარჯზე. უკრაინა განადგურდა, იმ ადამიანებმა, იმ პოლიტიკურმა თუ გავლენიანმა ჯგუფებმა დასავლეთიდან, ვინც უკრაინის ქმედებებს ხელს უწყობდა, ტრამპის დღევანდელი ნარატივის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და აქეზებდა, გახსოვთ, თურქეთში ფაქტობრივად შემდგარი მოლაპარაკებების ჩაშლა ბრიტანელების, ჯონსონის მხრიდან. სიტუაცია შუაში არის გაჭედილი, ვიღაცამ რაღაც მოიგო, ვიღაცამ რაღაც წააგო და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აპრიორი ვერაფერი მოიგო საერთოდ - რაც უნდა ვიკამათოთ, რუსეთმა რა მოიგო, რა წააგო, დასავლეთის, ნატოს ქვეყნებმა რა მოიგეს ან წააგეს - ბოლოს, ფინალი ეს არის, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განადგურდა და არანაირი სარგებელი, იოტისოდენა არ მიუღია, ეს არის უკრაინა. ასჯერ მეტად შეიძლებოდა გაწირულიყო საქართველო. ჩვენი ბუნებრივი რეფლექსია, რომ გადავრჩეთ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.