1738871769
ლუკა ეხვაია: USAID- ის საქართველოში მოქმედებაზე ჩვენ ვიცით რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულ სურათს არ ასახავს. ამას სჭირდება სერიოზული გამოკვლევა
![ლუკა ეხვაია ლუკა ეხვაია](https://primetime.ge/uploads/files/2024/04/22/85435/luka-ekhvaia_w_h.jpeg)
USAID-ის ქსელი არის მსოფლიოს 130 ქვეყანაში გავრცელებული და დაახლოებით მსოფლიოს 65% -ს ფარავს. ეს ინსტიტუციური ქსელი გახდა გამტარი იმ იდეოლოგიის, რაზეც იდგა ბაიდენის ადმინისტრაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ USAID-ზე საუბრისას.
„პრობლემა არის ის იდეოლოგია, ის ფუნდამენტი და ბაზისი, რაზე დაყრდნობითაც შემდეგ ეს ქსელი ოპერირებდა. ეს არის სხვადასხვა ისეთი თემები, რომელიც რესპუბლიკელებთან იდეოლოგიურად სრულ აცდენაშია. ტრამპს არ აქვს სხვა ვარიანტი, ცდილობს, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია დაიწყოს და USAID - ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც მასთან ღირებულებების თვალსაზრისით ფუნდამენტურ აცდენაშია.
შესაძლოა გარკვეული პროგრამები შენარჩუნდეს, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური. შესაძლოა მთლიანად ქსელი შენარჩუნდეს, მაგრამ დაიტვირთოს სხვა იდეოლოგიით და მოხდეს რეკონფიგურაცია და შესაძლოა მთლიანად დაიხუროს და ეს ფუნქცია შეითავსოს სხვა ინსტიტუციებმა. ისე, რომ USAID - ი წყვეტს არსებობას და მსგავსი გავლენები აღარ სჭირდება ამერიკას, რა თქმა უნდა ეს დღის წესრიგში მგონი არ დგას“, - აღნიშნა ლუკა ეხვაიამ.
ექსპერტმა USAID- ის საქართველოში მოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რა ფაქტებიც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს არ არის სრული სურათი მათი საქმიანობის ბოლომდე გასაშიფრად.
„USAID- ის საქართველოში მოქმედებაზე ჩვენ ვიცით რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულ სურათს არ ასახავს. ამას სჭირდება სერიოზული გამოკვლევა. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ფაქტების გარეშე ძალიან რთული იქნება.
მე მგონია, რომ ახლა გვაქვს სამ თვიანი ფანჯარა, როდესაც დიდი გადაწყობა მიდის აშშ-ში და ზუსტად ამ ფანჯრის გაჩენაზე რეაქციაა ის, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება იყოს სამომავლოდ დაცული და უზრუნველყოფილი. თუნდაც ის ირიბი გზით შემოსული ფინანსები, რაც გარკვეულ რისკს ქმნის სახელმწიფოში“, - განაცხადა ლუკა ეხვაიამ.