ღაზა ამ ეტაპზე საცხოვრებლად არ გამოდგება აუფეთქებელი ჭურვებისა და სხვა საფრთხეების გამო - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ღაზა ამ ეტაპზე საცხოვრებლად არ გამოდგება აუფეთქებელი ჭურვებისა და სხვა საფრთხეების გამო. რუბიოს თქმით, მოსახლეობას დროებით სხვაგან მოუწევს ცხოვრება, ვიდრე ტერიტორია აღდგება.

დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის შეთავაზების შესახებ, რომელიც ღაზის სექტორის განვითარებას ეხება.

„ღაზაში არსებული მდგომარეობა, რასაც ფოტოებიც ადასტურებს, საცხოვრებლად შეუფერებელია. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ კონფლიქტით და იმით, რომ „ჰამასის“ მხდალი წევრები მიწის ქვეშ იმალებოდნენ, არამედ იმითაც, რომ იქ არის აუფეთქებელი ჭურვები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის „ჰამასის“ შეიარაღება. ყველაფერი ეს უნდა გაიწმინდოს“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა დახმარების სურვილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„თუ რომელიმე სხვა ქვეყანა მზადაა, თავად გააკეთოს ეს, შესანიშნავი იქნება. თუმცა ჯერჯერობით არავინ ჩქარობს ამის გაკეთებას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას ღაზისა და პალესტინელი ხალხის მიმართ, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანია მზად, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.