1744273393
მადლობა გრიგოლ ლილუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის, სუს-მა უზრუნველყო საქართველოს დაცვა გარე საფრთხეებისგან, უსაფრთხოება, დემოკრატიული წყობილების განვითარება - შალვა პაპუაშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის. მისმა თითოეულმა თანამშრომელმა უზრუნველყო, რომ საქართველოში არცერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო საქართველოს დაცვა გარე საფრთხეებისგან, ასევე შიდა უსაფრთხოება, დემოკრატიული წყობილების განვითარება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მცდელობა, ანტიდემოკრატიულმა ძალებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას.
„როგორც იცით, დღეს პარლამენტი ცნობად მიიღებს გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის საკითხს, ასევე, დღესვე ავირჩევთ სუს-ის ახალ ხელმძღვანელს. მინდა, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის. გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია, ვხედავთ კონფლიქტებს, ომებს ახლოს თუ შორიახლოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა უზრუნველყო, რომ საქართველოში არათუ არცერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა, არ განხორციელებულა, არამედ პირიქით, ყოველ ჯერზე და ახლაც აშშ-ის ხელისუფლების ანგარიშში საქართველო აღინიშნა, როგორც ტერორიზმის გამოწვევისგან თავისუფალი ქვეყანა. რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს აქ განსაკუთრებული წვლილი აქვს. შიდა გამოწვევებში, რომელიც ასევე არსებობს, ვხედავთ, რომ წლებია, გარე და შიდა აქტორები არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებას ცდილობენ. ჩვენ ვხედავთ თავდასხმას არჩევნებზე, სადაც ჩართულნი იყვნენ გარე აქტორებიც. მათ შორის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დღეს უკვე მხილებული არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის USAID-ი, NED-ი, სხვა ორგანიზაციები და მათი დასახელებით პროგრამები არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ რასაც ვხედავდით, ფაქტობრივად, ეს იყო ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში, რათა გარე ძალებისთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დამდგარიყო. ამ ფონზე, როცა გარკვეული „ენჯეოები“ გარედან მიღებული დავალებებით თავს ესხმოდნენ დემოკრატიას საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო როგორც ჩვენი ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვა, ასევე შიდა უსაფრთხოება, ჩვენი დემოკრატიული წყობილების განვითარება. ვხედავთ და დღესაც ვაკვირდებით, რომ არის მცდელობა, ანტიდემოკრატიულმა ძალებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას. ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.