ლომჯარია, გვარამია, სააკაშვილი რომ გვთხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას, ომში ჩაბმას, ეს იქნებოდა რუსული საქმე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ლომჯარია, გვარამია, სააკაშვილი რასაც გვთხოვდნენ, რუსეთისთვის სანქციის დაწესებას, ომში ჩაბმას, სამთავრობო ბორტით მებრძოლების უკრაინაში გაგზავნას, ეს იქნებოდა რეალურად რუსული საქმე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ქართულ, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერების საქმეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების განცხადებაზე, რომ არ აპირებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრას.

„გვარამიას რაც არ მოსწონს, როგორც ხედავთ, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან პოზიტიური და საქართველოს მომავლისთვის სასარგებლო. რა თქმა უნდა, ყოველგვარი აზრი, შეხედულება, წიაღსვლა, თუ რამ ყოფილა დღემდე ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს დაესვა წერტილი. საზოგადოება კარგად ხედავს და აღიქვამს, რომ ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ევროპულ სტრუქტურებთან, სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე ელჩებთან. დღე არ გადის, საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტული ქვეყნის ელჩს არ შეხვდეს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკვე შემდგარი ლეგიტიმური არჩევნების ფონზე, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა და ის ახორციელებს ქვეყნის მართვას და შემდგომ პროგრესს. ამას მიეჩვიოს ყველა და რეალობას გაუსწორონ თვალი.

ნიკა გვარამიას თუ დავუჯერებთ, „რუსულ რეჟიმს“ ეხმარება დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში, ორბანი ევროპაში, კიდევ პირები, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლების სათავეში არიან. ამ ადამიანს და მის წიაღსვლებს თუ გავყვებით, გამოდის, რომ რუსეთის ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ სადაც მოინდომებს, ყველგან შეუძლია ინტერესის განხორციელება. აშკარაა, რომ ან შეგნებულად, ან შეუგნებლად და არ მგონია, რომ გვარამია რაიმეს შეუგნებლად აკეთებდეს, ის რუსეთის პროპაგანდირებას ახდენს. ყველაფერს აქვს ზღვარი და საზოგადოებამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ვინმემ საქართველოში პრორუსული საქმე თუ გააკეთა, ეს იყო სააკაშვილი და გვარამია, 2008 წლის ამბებით, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა ოკუპანტს და ზედ მიაყოლა სტრატეგიული დანიშნულების ენერგოობიექტები, რომელზედაც სააკაშვილმა მალევე მოუწერა ხელი რუსეთს და გადასცა. ეს იყო რეალურად რუსული საქმე. რუსული საქმე იქნებოდა კიდევ იმ პოლიტიკაზე მხარდაჭერა და წაყოლა, რასაც გვთხოვდნენ: რუსეთისთვის სანქციის დაწესება, ომში ჩაბმა, სამთავრობო ბორტით მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა რეალურად რუსული საქმე, რასაც გვთხოვდნენ ლომჯარია, გვარამია, რასაც ითხოვდა სააკაშვილი. ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის ქართული, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერების საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ 18 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებს, მათ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში მათ ლეგიტიმურობას აღიარებს“.