გივი ჯვარშეიშვილს, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

გივი ჯვარშეიშვილი

სასამართლომ გივი ჯვარშეიშვილი, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ აქციის მონაწილე გაიგებდა შსს-ს ხმოვან გაფრთხილებას ტერიტორიის დატოვების შესახებ და კანონი დაარღვია, როდესაც ტერიტორია არ დატოვა.

ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის მონაწილე გივი ჯვარშეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა“. ჯვარშეიშვილის თქმით, ფიზიკური ძალადობის გარდა, სპეცრაზმელების მხრიდან მის მიმართ იყო გაუპატიურების მუქარა, წაართვეს საფულე და ტელეფონი, რომელიც, მისი თქმით, დღემდე არ დაუბრუნებიათ. როგორც გივი ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირის მიმდებარედ იმყოფებოდა მშვიდობიანად, საქართველოს დროშით, რა დროსაც თავს დაესხნენ სპეცრაზმელები, დროშა ყელზე მოუჭირეს და ახრჩობდნენ. მისივე თქმით, ათამდე სპეცრაზმელმა გაატარა კორიდორში, სადაც სცემეს. გივი ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ სასტიკად გაუსწორდნენ დაკავების მანქანაშიც, სადაც ნეკნები ჩაუმტვრიეს, თავში ურტყეს და ტვინის შერყევა, ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. ჯვარშეიშვილის განცხადებით, დაკავების მანქანიდან ე.წ. საკაცით პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, რადგან გადაადგილება აღარ შეეძლო.

„მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ. ჩემთან როცა მოვიდნენ, დროშა ყელზე მქონდა და დროშით მახრჩობდნენ, აწეული ხელები მქონდა და ჩამაწევინეს. უკიდურესი ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ჩემზე, ფეხებით გამათრიეს, მყესები მაქვს დაზიანებული. ნეკნის გატეხამ გიშველა, უფრო მაგრად რომ არ გაილახეო. პოლიციასთან შეხება არ იყო, სპეცრაზმელებმა მირტყეს, სასწრაფოს საკაცეზე მათ გადამდეს, გამძარცვეს, ჯიბიდან ნივთები მომპარეს, საფულე და ტელეფონი მომპარეს. 15 წუთი ვეგდე დაკავების მანქანაში“, – განაცხადა ჯვარშეიშვილმა.

ჯვარშეიშვილის თქმით, „ნახევარი საათის შემდეგ იქვე ხელწერილით გაათავისუფლეს, რადგან მძიმედ ნაცემი იყო“. ჯვარშეიშვილი სასამართლო სხდომაზე სპეცრაზმელების მიერ ცემის დეტალებს როცა ჰყვებოდა, მოსამართლემ მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა და განმარტა, რომ დაკავების შემდეგ ძალადობას არ იხილავდა და ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია იყო.