ლევან მაჭავარიანი: ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“

ლევან მაჭავარიანი

ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ყველა ხედავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი დავით გარეჯთან მიმართებით, ასევე იმ ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, როდესაც სპეკულირებენ ამ თემით და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობა“ წამის მეასედებში იტაცებს.

„ლოგიკა იმას გვკარნახობს, ვივარაუდოთ, რომ სინქრონში მოქმედებენ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“, თუმცა აზრი არ აქვს რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ. BBC-ის ტყუილი არ დაიჯერა ქართულმა საზოგადოებამ და „ასავალ-დასავალი“ ტყუილს ნამდვილად ვერ შეასაღებს ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მმართველი გუნდი, „ასავალ-დასავალსა“ და ირაკლი ღარიბაშვილს სინქრონულად მოქმედებაში ამხელს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, გაზეთი, დიდი რეპუტაციით არ სარგებლობს და საზოგადოება დაკვეთილ კამპანიას ცნობს. ისევე, როგორც მსჯავრდებული ექსპრემიერის წინ წამოწევას ცდილობს გაზეთის რედაქტორი და ღარიბაშვილის სახელს უკავშირებს ისტორიული კარტოგრაფიული მასალების ქვეყანაში ჩამოტანას. რუკები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩამოიტანეს.