1766688585
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი დამატებით შესაძლებლობას ქმნის ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის - ნინო ვარდოსანიძე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა მერიის მიერ წარდგენილ ახალ პროექტს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესს ეხება.
როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, ეს პროექტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა მოსახლეობისთვის, ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობს.
„მინდა გამოვეხმაურო აღნიშნულ ინიციატივას და მადლობა გადავუხადო მერიას და თბილისის საკრებულოს წევრებს ამ პროექტზე მუშაობისთვის. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული პროექტის შედგენის პროცესში და ყველაზე ოპტიმალური ვერსია გამოინახა იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება.
მინდა აღვნიშნო, რომ სხვა პროგრამებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი დამატებით შესაძლებლობას ქმნის ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის. პროექტის მიხედვით, ავარიულობის იმ ხარისხზეა საუბარი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ეს პროექტი არის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთავაზება“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
დღეს, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი დაამტკიცეს. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.












