„არაფერში ჩართული არ ყოფილა. არა თუ რაიმე დაგეგმვაში, საერთოდ ამ გამოსვლებში არანაირად ჩართული არ ყოფილა“ - ახალაიას ადვოკატი

მალხაზ ველიჯანაშვილი

ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. დაკავებული დღეს ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა.

სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების თანახმად, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.

ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ახალაია სხვა დაკავებულ პირებთან კომუნიკაციას არ უარყოფს, თუმცა ზარების დასახელებული რაოდენობა აუხსნელია.

"არაფერში ჩართული არ ყოფილა. არა თუ რაიმე დაგეგმვაში, საერთოდ ამ გამოსვლებში არანაირად ჩართული არ ყოფილა. იმ ადამიანებთან ურთიერთობა აქვს, მაგრამ ის რაოდენობა, რაც არის გაჟღერებული, ამ დრომდე აუხსნელია. ამდენი ზარი ფიზიკურად არ ჰქონია და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ინტერნეტ აქტივობა იყოს და მხოლოდ ამას უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. ხომ გეუბნებით, მათთან კომუნიკაციას არ უარყოფს, არა მარტო სატელეფონო, "ვოცაფით" თუ "მესენჯერით", არამედ შეხვედრილებიც არიან, სახლშიც არის რამდენიმეჯერ ნამყოფი", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.