წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766692308
ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. 4 ოქტომბრის საქმე თავიდან ბოლომდე არის აბსურდი, არანაირი ძალადობა იქ არ გვინახავს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ძალადობა იყო მხოლოდ პოლიციის მხრიდან.
„მინდა, შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს და გუშინ იზოლატორიდან გამომიშვეს. ამიტომ ვცდი. ასე მითხრა გამომძიებელმა, ვინც წამიყვანა, დამაკავა, მაგრამ ჩემთვის დოკუმენტი არაფერი უჩვენებიათ. სუს-ის ბრიფინგი თავიდან ბოლომდე იყო ბოდვა. ბოლოს დაასრულეს, რომ ბაჩო ახალაია თავისი ცოლის გადასარჩენად ჩვენებას არ გვაძლევსო – ასეთი ბოდვა იყო. გუშინ დაახლოებით ისეთი სცენა დადგეს, დაკითხვაზე რომ სასწრაფო გამოიძახეს და ყალბი ჩანაწერი გააკეთეს. სახლში ვინც შემოცვივდა, ავტომატიანი ხალხი, მთელი საგამოძიებო სისტემა, დაბნეულები იყვნენ, რეკავდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. დიდი ხანია, ორგანიზატორად ასახელებენ. ამის არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება. ბაჩო ახალაიას ტელეფონი არ აქვთ დადგენილი, რაზე მელაპარაკებით. ორჯერ დაიბარეს დაკითხვაზე და ორივეჯერ მე დამირეკეს და მითხრეს, დაბარებულიაო. პირველ დარეკვაზე, როდესაც კრიმინალურ პოლიციაში ხმის ნიმუშის ჩაწერაზე დაიბარეს, მათ ვუთხარი, ბაჩო ახალაიას რატომ არ ურეკავთ-მეთქი? მისი ნომერი არ გვაქვს, არ ვიცითო. როგორ დაადგინეს, რომ ბაჩო ახალაია ურეკავდა ვინმეს საერთოდ? ჩანაწერი თუ გააყალბეს, IP-ს ვერ გატეხავდნენ და დაიწყებდნენ რეკვას? მით უმეტეს, დიდი ხანია, ავითარებდნენ ნარატივს, რომ ორგანიზატორი ბაჩო ახალაია. 4 ოქტომბერს ეს ადამიანები იყვნენ ჩვენს სახლთან, მთელი სუს-ი იყო ქვემოთ. 4 ოქტომბერს დააკავეს ადამიანები, ვიღაცები და ეკითხებოდნენ, ბაჩო ახალაიასთან ხომ არ ხარო. სამი დღე ჰყავდათ დაკავებული. მე რა ვიცი, რომ ჩემი IP-ი არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ჩვენ არც ერთს გვიარყვია ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა. ადამიანები ჩვეულებრივად ერთმანეთს ურეკავენ. მე და ბაჩოც 4 ოქტომბერს ერთმანეთს ვურეკავდით და ეგ რატომ არ დაადგინეს? ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. 4 ოქტომბრის საქმე თავიდან ბოლომდე არის აბსურდი, რადგან არანაირი ძალადობა იქ არ გვინახავს. ადამიანები იყვნენ გამოსულები პროტესტზე. ძალადობა იყო მხოლოდ პოლიციის მხრიდან და არა მარტო 4 ოქტომბერს. სრულ ვაკუუმში ვარ, ინტერნეტიც ჩაჭრილი მაქვს სახლში, ბავშვის ტელეფონიც წაღებულია, არაფერი არაა“, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
როგორც ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ბაჩო ახალაია დაახლოებით სამი კვირის წინ პოლონეთში წასვლას აპირებდა, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს.
„დაახლოებით ოთხ საათზე დამირეკა, თუ არ ვცდები, გამომძიებელმა, რომელსაც მანამდე ვყავდი დაბარებული და მითხრა, რომ დაბარებული ვიყავით იარაღის სამალავთან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, რადგან წინა დაბარებაზე ისეთი ცირკი, სპექტაკლი მოაწყვეს, უბრალოდ აღარ ვენდობოდი. კარგი, გავაუქმებ და დაგიკავშირდებიო. ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ ავტომატით შეიარაღებული 30-მდე ნიღბიანი ადამიანი შემომეჭრა სახლში. ჯერ მე წამიყვანეს, შემდეგ ბაჩო, გაგუაც წაიყვანეს ორჯერ. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა ბაჩო ახალაიაზე. ადვოკატს ვითხოვდი, არ შემოუშვეს, რომ გამეგო, რაზე ვიყავი დაკავებული. არანაირი კითხვა არ დაუსვიათ. თავიდანვე ველოდებოდი ადვოკატს და მერე გავცემდი კითხვებზე პასუხს. იქ ბაჩოს წინ ჩამატარეს. გადაძახილი გვქონდა ერთმანეთთან, მიყვარხარ იყო ერთადერთი სიტყვა, რაც მოვახერხეთ. ჩვენ ემიგრაციაში ვიყავით სამი წელი, როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი სიდუხჭირის გამო არის წასული ქვეყნიდან. ჩვენი სახლი აუქციონზე იყო გატანილი ერთხელ. შანსი არ არის, აქ რაიმე სამსახური ვიშოვოთ. აქედან გამომდინარე მოუწია ბაჩოს იმავე ნაბიჯის გადადგმა, რომ შვილებისთვის საჭმლის ფული გვქონოდა. ბაჩო ახალაია და ზვიად გაგუა აპირებდნენ წასვლას ისევ პოლონეთში, სადაც ვმუშაობდით. არ გაუშვეს საზღვარზე – დაახლოებით სამი კვირის წინ. არაფერი უთხრეს“, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო“.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დააკავეს ანა ნადარეიშვილი და აღნიშნეს, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ანა ნადარეიშვილიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში.