ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან - ახალაიას მეუღლე

ანი ნადარეიშვილი

ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილით შესული იყო ადვოკატი, რომელიც დაკავებულს შეხვდა.

სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.

რაც შეეხება ანა ნადარეიშვილს, ის გათავისუფლებულია. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც, რაიმე ფორმით, დანაშაულში.

"მინდა, რომ შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ.ძალიან დიდი ხანია, [ბაჩო ახალაიას] ორგანიზატორად ასახელებენ. არ შეიძლება, რაიმე მტკიცებულება არსებობდეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ეგეთი მტკიცებულება.ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა ჩვენ არცერთს არ უარგვიყვია. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს... ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ ისევ პოლონეთში, უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.